მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარე კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება” - ISET მიზეზებზე

iset

2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 10.4%, 2024-ის მეორე კვარტალში კი 10.1% იქნება - ამის შესახებ პროგნოზს, კვლევითი ინსტიტუტის ISET აქვეყნებს.

მათი ანალიტიკის მიხედვით, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 9.4%-იანი მატება. ინსტიტუტის შუალედური პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით განისაზღვროს.

როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ეკონომიკური ზრდის ძირითადი საფუძველი შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გაზრდილი დაკრედიტება და ინვესტიციების წახალისება იქნება.

"ჩვენი მოდელის მიხედვით პროგნოზი ოპტიმისტურია და სავარაუდოა, რომ უფრო ნაკლები იქნება, თუმცა მონაცემებს რომ დავაკვირდეთ, განსაკუთრებით თებერვლის სტატისტიკას, მოსალოდნელია რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება. ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის გამო, ეს ცხადია იქნება წინა წელზე ნაკლები, თუმცა, მიმდინარე პერიოდში ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ის, რომ ინფლაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული და ამის ფონზე ველოდებით მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რაც უკვე დაწყებულია.

თუ ეკონომიკაში რამე არ შეიცვალა მოლოდინია, რომ შერბილება გაგრძელდება, რაც კრედიტზე წვდომას გაამარტივებს. უკვე დავინახეთ რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად დაკრედიტების წახალისებამ ინვესტიციებიც უნდა წაახალისოს. წინა წელს ზრდაში ინვესტიციების როლი იყო საკმაოდ დიდი, ახლაც მოსალოდნელია, რომ ზრდაში მსხვილი ფაქტორი ეს იქნება.

თავის მხრივ აღსანიშნავია მოხმარების მხარე. წინა წლებში მიგრაციული ეფექტები მნიშვნელოვანი იყო, ეს ზრდიდა ერთობლივ მოთხოვნას, რაც ამოწურულია. გვრჩება გადაცემის ეფექტები. გაზრდილმა ერთობლივმა მოთხოვნამ გააჩინა დამატებითი შემოსავალი ეკონომიკაში რაც დამატებით მოთხოვნას ქმნის სხვა სექტორებზეც.

სარისკო ფაქტორია უკავშირდება საგარეო ვაჭრობას. ვაკვირდებით რომ ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად იკლებს და სავაჭრო ბალანსიც უარესდება. იანვარ-თებერვალში ჩანს ნეგატიური ტრენდები, ეს მეტალების მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირდება, თუმცა თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, უარყოფით ფაქტორებში ისახება.

მომდევნო პერიოდში ჩვენი ზრდის მაჩვენებელი ახალი მოდელის მიხედვით გამოქვეყნდება, სადაც არსებულ მონაცემებს გავითვალისწინებთ, რაც შეამცირებს ოპტიმისტური ზრდის პროგნოზებს. პესიმისტური სცენარი მიახლოებული იქნება ეროვნული ბანკის ახლანდელ პროგნოზთან, ანუ 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან.“ - განაცხადა კეშელავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები