როგორ შეიძლება დაეხმაროს სომხეთს საქართველო? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქართველი კოლეგებისგან უკვე მიიღო დახმარების შეთავაზება.
„რა თქმა უნდა, [სომხეთი] ჩვენი მოძმე, მეზობელი ქვეყანაა. მე ვიცი, რომ იყო საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. იყო შეთავაზება პირადად ჩვენგან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შევთავაზეთ წერილობითაც, სიტყვიერადაც დახმარების მზაობა.
ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არის დახმარება ტესტირებებში, მივცეთ მათ ტესტების გარკვეული რაოდენობა, ან იქიდან აღებული ნიმუშები, [ჩამოვიტანოთ] და 24 საათში დღეში 1000 გამოკვლევაზე პასუხი თავისუფლად შეგვიძლია მივაწოდოთ. ასევე მე ვიცი რომ არის მზაობა თავად ჯანდაცვის უწყებაში, ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც პირბადეებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საჩუქრად გაგზავნა პირბადეები“, – განაცხადა ამირიან გამყრელიძემ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ სომხეთში ყველაზე სერიოზული ვითარებაა.
„ოთხივე ქვეყანაში, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს, ყველგან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ სომხეთი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვინაიდან იქ სერიოზულად აღმავალია ინფიცირების ტემპი. თურქეთში შედარებით უკვე მოდის ქვემოთ, ოდნავ, მაგრამ ცოტა იკლო რუსეთში, თუმცა, აღმავალია. აზერბაიჯანში შედარებით ნაკლები აღმავლობის ტენდენციაა. ამიტომაც ძალიან სეროზულად ვაკონტროლებთ საზღვრებს. იცით რომ ძირითადად შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის ადამიანები, რომლებიც გადადიან პირდაპირ კარანტინში, კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი, ჩვენ დაახლოებით 140–მდე დაინფიცირებული კარანტინიდან აღმოვაჩინეთ, დღევანდელი რვა შემთხვევიდან ორი კარანტინიდან არის. ამან ითამაშა სერიოზული როლი ინფექციის შემდგომ გაუვრცელებლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.