როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ძალადობდეს მთელ ერზე? გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას,- ამის შესახებ ბიზნესმენი კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ბოდიშს უხდის ემიგრანტებს, რომელთა ხმების დაცვაც ვერ მოხერხდა.
"მინდა დავიწყო ბოდიშით, პირველ რიგში საკუთარ შვილებთან. უფროსთან, რომელმაც ემიგრაციაში 6 საათი გაატარა საარჩევნო უბანთან სამართლის ძიებაში და მეორე უმცროსთან, რომელმაც ჩემთან ერთად 26-ში ხმა მისცა ევროპულ მომავალს. დღეს ორივე მეკითხება რა ხდება, ვინ იზრუნებს ჩვენზე, რატომ გვართმევენ არჩევანს ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი?
მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ დიდ ემიგრაციას, რომელიც არ შეეგუა უსამართლობას და თავისუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის დატოვება მოუწია. ბოდიში, რომ ერთი რამ რისი დაცვაც გვთხოვა, მისი ხმა იყო არჩევნებზე, ესეც ვერ შევძელით.
და ბოლოს, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ძალადობდეს მთელ ერზე? ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემთვის ეს საზღვარი დარღვეულია, ბრძოლა ბოლომდე თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას",- წერს კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ: დღეს რუსთაველის გამზირზე არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, აქცია/დემონსტრაცია გაიმართება.