„არ ვარ მზად საქართველოზე დეტალურად გესაუბროთ“ – ასეთი პასუხი გასცა BMG-ის ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა კითხვაზე: უფრო კონკრეტულად, რომელ ფაქტორებს ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მიმართებით, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ადგენს.
ამ კითხვით BMG ჟურნალისტებისთვის ღია შეხვედრის ფარგლებში, ადრე დასმული კითხვის დაზუსტებას შეეცადა.
მანამდე, ალბერტ პარკმა აღნიშნა, რომ საქართველომ ისევე, როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ–უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად.
„მაგრამ, ახლა არსებობს გაურკვევლობა, კერძოდ, თუ სანქციები მოიხსნება, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება, შესაძლოა, ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. შედეგად, საქართველო დაკარგავს იმ კომპანიების ნაწილს, რაც ამ პერიოდში მოიზიდა“ – აღნიშნა ალბერტ პარკმა.
ADB-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, ახლა საქართველომ შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტის გააქტიურებით უნდა ისარგებლოს. ალბერტ პარკის შეფასებით, ქვეყანამ მარშრუტში საკუთარი ეფექტიანობის გაზრდას ტრანზაქციების ხარჯების შემცირებით და სხვა ბარიერების დაძლევით უნდა მიაღწიოს.
„ეკონომისტები ასე ვხედავთ - როდესაც ადამიანები ეჩვევიან იმ გზას, რომელიც ხარჯების კუთხით ეფექტურია, მათ ძველ სისტემაზე დაბრუნება არ სურთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს მოზიდული კომპანიები და ინვესტიციები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ქვეყანა ეფექტიანი და კონკურენტული დარჩება“ – აღნიშნა ალბერტ პარკმა.




























