მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ენერგეტიკულ ბირჟაზე მცირედი კორექციით დაიწყო და ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ით შემცირდა, თუმცა ერთთვიან პერიოდში Brent-თან მიმართებით მაინც 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელიც ამჟამად 93 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის 85 დოლარი ღირს, რაც 48%-იან ზრდას წარმოადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი მიმდინარე წელს 70%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 86 დოლარს აღწევს.
ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ ერთ კვირაში 7%-ით მოიმატა და მეგავატ/საათზე უკვე 66 ევროს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 135%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეფერხებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხებას იწვევს. ვითარებას განსაკუთრებით ის მოცემულობა ამძიმებს, რომ აშშ-ირანის მთავრობების პოზიცია აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი რეგიონში მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს.
ამასთან, ინვესტორებს თითქმის სრულად დაეკარგათ ნდობა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის მიმართ, რაც რეგიონისთვის გრძელვადიანი რისკის პრემიას მნიშვნელოვნად ზრდის.




























