მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შევინარჩუნოთ სატრანზიტო მომენტუმი? - სექტორი ინფრასტრუქტურასა და კოორდინაციას ითხოვს

ნინო კოჭლამაზაშვილი

რუსეთ - უკრაინის ომის ფონზე საქართველომ სატრანზიტო მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „მინტრანსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კოჭლამაზაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ამბობს, რომ 2022 წელი ტრანზიტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც ძირითადი მარშრუტები საქართველოზე გადმოვიდა და სექტორმა 47–48%-იანი ზრდა აჩვენა. თუმცა, ზრდის ტემპი მუდმივი არ აღმოჩნდა.

როგორც კოჭლამაზაშვილი განმარტავს, 2023 წლიდან ბაზარი სტაგნაციის ეტაპზე გადავიდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით დაფიქსირდა დაახლოებით 4.4-4.5%-იანი კლება. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ეს მაჩვენებელი კრიტიკულ საფრთხეს არ ქმნის : „თუ 2021 და 2025 წლებს შევადარებთ, საერთო ჯამში ტრანზიტი მაინც გაზრდილია და პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს“, – აღნიშნავს ის.

ექსპერტის შეფასებით, მთავარი გამოწვევა მომავლისთვის სწორად მომზადებაა. ომის დასრულების პერსპექტივის პარალელურად, საერთაშორისო სატრანსპორტო, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები უკვე ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაზე მუშაობენ. ნინო კოჭლამაზაშვილის აზრით, ეს პროცესი საქართველოსთვის კონკურენციაზე მეტად შესაძლებლობად უნდა აღიქმებოდეს.
„ქვეყანას აქვს ძლიერი გეოგრაფიული კოზირი - პორტები, სახმელეთო გზები და შავი ზღვის მიმართულებით წვდომა, რაც რეგიონის ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს იგი.

ამასთან, სატრანზიტო მომენტუმის შენარჩუნებას ხელს უშლის ინფრასტრუქტურული პრობლემები, განსაკუთრებით საზღვრებზე. კოჭლამაზაშვილი ხაზგასმით საუბრობს უამინდობის დროს წარმოქმნილ ხანგრძლივ რიგებზე, რომლებიც წლებია სისტემურ პრობლემად რჩება.
„ძლიერი თოვლის დროს საზღვრები შეიძლება ორი–სამი კვირით ჩაიკეტოს. ჩვენს სფეროში დრო ფულია და ეს ზრდის ტრანსპორტირების ღირებულებას“, – ამბობს იგი.

სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, გამოსავალი მოიცავს საზღვრის გამტარიანობის გაზრდას, დამატებითი ზოლების მოწყობას, გზების სწრაფ გაწმენდას და, რაც მთავარია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის რეგულარულ დიალოგს.
„ბევრი პატარა პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებაც მარტივად შეიძლება, თუ ბიზნესის მოსმენა რეალურად დაიწყება“, – აღნიშნავს კოჭლამაზაშვილი.

შეჯამებისას იგი აცხადებს, რომ სატრანზიტო მომენტუმის შესანარჩუნებლად აუცილებელია დროის სწორად გამოყენება : „იქნება ეს ზანგეზურის დერეფანი თუ სხვა ალტერნატიული მიმართულებები, საქართველო უნდა შეხვდეს მზად. დღეს გვაქვს დრო, რომ რისკები შესაძლებლობებად ვაქციოთ და ქვეყანა მომავალ კონკურენციას გაძლიერებული შეხვდეს“, – აცხადებს „მინტრანსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები