მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უმკურნალებენ მსუბუქ პაციენტებს? - ტიკარაძემ ახალი ბრძანება დაამტკიცა

5f6c69bb3e5aa
ინგა მურუსიძე
24.09.20 21:25
1870
ჯანდაცვის მინისტრმა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში ალგორითმი დაამტკიცა, რომელიც სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელებას ეხება.

ეკატერინე ტიკარაძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ COVID-19-ის პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობას ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემის მიხედვით:

COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - "112“ -ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ; პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში (შემდეგში - ონლაინკლინიკა);

ონლაინკლინიკის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება და მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, კერძოდ:

საწყისი კლინიკური შეფასების შემდეგ, მსუბუქად მიმდინარე პაციენტების გამოვლენის შემთხვევაში, გარდა ამავე დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა: შესაფერისი იზოლირებული გარემოსა და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით პაციენტზე მზრუნველობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიღებულ იქნეს პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება, რომლის მართვაც განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის N01-286/ო ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) "ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ შესაბამისა

პირობების არარსებობის შემთხვევაში, ხდება პაციენტების გადაყვანა საკარანტინე სასტუმროში;

შენიშვნა: შესაბამის საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობას, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაექვემდებაროს ასევე, პაციენტების სხვა ჯგუფები, კერძოდ: სიმპტომური პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი; უსიმპტომო პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი.

ბინაზე დატოვება/საკარანტინე სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული:
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. ექიმის გადაწყვეტილებით);

პედიატრიული ასაკის პოპულაციისთვის (15 წლამდე), ხანდაზმულებისთვის (65+).

საკარანტინე სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე - ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

ბინაზე/საკარანტინე სივრცეში მყოფი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას (მათ შორის, განმეორებით ჰოსპიტალიზაციას) - ექიმის გადაწყვეტილებით.

საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში) მოთავსებული COVID-19-ით პაციენტების ბინაზე გაწერა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 ივლისის N01-369/ო ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი) ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები