მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ უნდა განვითარდეს ბათუმის „ლურჯი ეკონომიკა“ ? - რა წერია ზღვისპირა ქალაქის გენ.გეგმის კონცეფციაში?

ბათუმი

ბოლო ათწლეულში ბათუმი სულ უფრო მეტად გახდა ტურიზმის ინდუსტრიაზე დამოკიდებული, რაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ავტორების შეფასებით, გარე ფაქტორებზე მოწყვლადობის გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გარანტად.

ამიტომ გენ.გეგმის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბათუმმა უნდა შეიძინოს სხვა საქალაქო ფუნქციები, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

"სითი ინსტიტუტში" ერთ–ერთ ლოგიკურ და პერსპექტიულ მიმართულებად ე.წ. “ლურჯი ეკონომიკის” და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მიიჩნევენ. ლურჯი ეკონომიკა პირველ რიგში ქალაქის საზღვაო–საპორტო ფუნქციის შენარჩუნება–განვითარებას გულისხმობს და ბათუმისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოიაზრება სანაპირო და საზღვაო ტურიზმის განვითარებას.

„ერთ–ერთ ლოგიკურ და პერსპექტულ მიმართულებად ე.წ. “ლურჯი ეკონომიკის” და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მივიჩნევთ. ლურჯი ეკონომიკის კონცეფცია და, მის საფუძველზე, ეკონომიკის ამ სექტორში შემავალი დარგების დანერგვა და ხელშეწყობა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ჩამოყალიბდა. ის მდგრადი განვითარების ერთ–ერთ საფუძვლადაც განიხილება, რადგან გულისხმობს ოკეანის/ზღვის რესურსების მდგრად გამოყენებას ეკონომიკური ზრდისთვის, გაუმჯობესებულ საარსებო წყაროებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ოკეანის/ზღვის ეკოსისტემის ჯანსაღად შენარჩუნების პირობებში. ბათუმის შემთხვევაში ლურჯი ეკონომიკისა და ლოგისტიკის მჭიდრო ბმა სრულიად ცხადია. ის, პირველ ყოვლისა, ქალაქის საზღვაო–საპორტო ფუნქციის შენარჩუნება– განვითარებაში გამოიხატება.

ასევე, ბათუმის პორტმა უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს არსებული ფორმატი, ტექნოლოგიური განახლებისა და სრულყოფის პირობებში. ამ მიდგომის სისწორეში გვარწმუნებს მთლიანად ჩვენი ქვეყნის განახლებული როლის გამოკვეთა აღმოსავლეთ–დასავლეთის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტაში. საპორტო ფუნქციის გაძლიერებასთან ერთად, ლურჯი ეკონომიკის ეგიდით, ბათუმისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოვიაზრებთ სანაპირო და საზღვაო ტურიზმს, მეთევზეობასა და აკვაკულტურის მეურნეობას, საზღვაო და საკრუიზო გადაზიდვების ინტენსიფიკაციას“,-წერია კონცეფციის დოკუმენტში.

გარდა ამისა, გენერალური გეგმის ავტორებს სხვა არაერთი შეთავაზება აქვთ მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის და მრავალფუნქციური ცენტრების განვითარების მიმართულებით.

„აეროპორტის მიდამოში ჩვენ გარკვეულწილად ლოგისტიკური ცენტრი შევთავაზეთ მუნიციპალიტეტს, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა ფუნქციებით, TIR პარკები იყოს, შეიძლება ასევე იყოს დიდი სავაჭრო ობიექტები, შევთავაზოთ ის სერვისები, რომელიც შეიძლება რომ გაძლიერდეს ან რომელიც არ არსებობს. ამან ხელი უნდა შეუწყოს ქალაქის საკომუნიკაციო-ლოგისტიკური როლის გაძლიერებას,-აცხადებს "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გარკვეულ არეალებში მჭიდრო განაშენიანებაა, რაც ასევე იწვევს გამტარუნარიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ მხრივ განსაკუთრებული დაწოლა ზღვისპირა ზოლზე მოდის, რასთან დაკავშირებითაც გენ გეგმის ავტორები მშენებლობების შეზღუდვაზე აკეთებენ აქცენტს და მუნიციპალიტეტს სხვა ალტერნატიულ არეალებს სთავაზობენ.

"ჩვენ ორი მნიშვნელოვანი არეალი შევთავაზეთ მუნიციპალიტეტს, სადაც ვამბობთ, რომ ყველაზე დატვირთული პირველი ზოლში და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამ მშენებლობების დაწოლა შევარბილოთ. ჩვენ ორი ტერიტორია შევთავაზეთ , ერთი ე.წ ბენზეს ტერიტორია, რომლის განვითარებაც შეიძლება მრავალფუნქციური კომპლექსებით, სასტუმროებით, სასწავლო დაწესებულებებით, გამწვანებული სივრცეებით. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე საუბარი, 40-50 ჰა ტერიტორიაზე. აგრეთვე არის მთის ძირის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 30-25 ათასი ადამიანისთვის შეიძლება გაჩნდეს საცხოვრებელი“,-აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

ზღვისპირა ქალაქ ბათუმს განვითარების გენერალური გეგმა სავარაუდოდ, მალე ექნება. ქალაქის განვითარების კონცეფციის სტრატეგიულ დოკუმენტი "სითი ინსტიტუტმა" დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები