ქვეყანაში შიდა ფრენების განვითარებას ძლიერი კერძო სექტორი სჭირდება - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად კომპანია Nebula AI Hub-ის კომერციული დირექტორი ავიაციის დარგში, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს.
როგორც ქარქაშაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საქართველოს მსგავსად, არაერთ ქვეყანაში შიდა ავიამიმოსვლა სოციალური პროექტია და მეტწილად სახელმწიფო სუბსიდიაზეა დამოკიდებული. თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის მეტი კერძო ინიციატივაა საჭირო.
“შიდა რეისებზე როდესაც ვსაუბრობთ, მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის წახალისება. შიდა ფრენები ვერც ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყნებშიც არ და ვერ გახდება მოგებიანი კომერციული პროექტი. შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს სუბსიდირება. ჩემი გამოცდილებიდან მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ ეს პროექტი ზოგადად გამართულად ფუნქციონირებდეს, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ავიაკომპანია, რომელიც ამ ფრენებს შეასრულებს.
ამ ნაწილში ვხედავ გამოწვევას, რომ ის სახსრები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, არ უნდა იყოს ავიაკომპანიის ერთადერთი საარსებო წყარო. ეს უნდა იყოს დამხმარე სარგებელი ამ კონკრეტული პროექტის დაფინანსებისთვის, ფრენების შესრულებისთვის. შესაბამისად, ძლიერი კერძო სექტორი ალბათ იქნება ის ინდიკატორი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი სახელმწიფოს ჩართულობით, წარმატებული არის. იმიტომ, რომ დღეს ეს პროექტი აბსოლუტურად სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ავიაკომპანია, რომელიც შიდა ფრენებს ასრულებს, მას სხვა კომერციული ფრენები და აქტივობა ამ მიმართულებით არ აქვს”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შიდა ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია" ახორციელებს, რომელსაც აეროპორტების გაერთიანებამ ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.
ამასთან, შარშან სახელმწიფო კომპანიამ შიდა ფრენებზე ჯამში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 23 მლნ ლარს აღემატებოდა, ტენდერები ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.




























