მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოაგვაროს კერძო სექტორმა კადრების პრობლემა? - პროფესიული უნარების სააგენტოს განმარტება

644acab51926c
ალა ისპირიანი
27.04.23 23:30
668
პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის თამარ ქიტიაშვილის თქმით, პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებისთვის კერძო სექტორის მეტად ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა სახელმწიფო, ბიზნესის მონაწილეობის გარეშე, შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას ვერ დააბალანსებს.

„ქვეყანაში ზოგიერთი დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და იქ უკვე პროფესიონალი ტალანტი ძალიან დეფიციტურია. ბიზნესს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ ამ მიმართულებით პროაქტიული არ გახდა იმ შედეგს ვერ მიიღებს, რაც საჭიროა. მაგრამ ზოგიერთ დარგში ბიზნესს ჯერ გაცნობიერებული არ აქვს, რომ დღეს უნდა იზრუნოს ხვალინდელზე.

ის ძველი რიტორიკა, რაც ბიზნესს ჰქონდა - „მე ვიხდი გადასახადს და სახელმწიფომ კეთილი ინებოს და ხარისხიანი კადრი დამახვედროს“, ვერ მუშაობს, რადგან სახელმწიფო ბიზნესის მონაწილეობის გარეშე ვერ ქმნის ამ ხარისხს“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. 

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოაგვაროს კერძო სექტორმა კადრების პრობლემა, იგი მიიჩნევს, რომ საჭირო კადრის მომზადებაში თავად ბიზნესი უნდა ჩაერთოს. თამარ ქიტიაშვილის თქმით, კერძო სექტორს ამ პრობლემის მოგვარება მათ შორის პროფესიული უნარების სააგენტოს დახმარებით შეუძლია. 

„ყველაზე დიდ კონტრიბუციას ბიზნესისგან, მომზადება-გადამზადების პროგრამებზე ველით. სააგენტოს ბიზნესისთვის აქვს კონსულტირების სერვისი - ნებისმიერ კომპანიას დავეხმარებით, ვისაც სურვილი აქვს თავის ბაზაზე კადრი გადაამზადოს.

პრიორიტეტულ სექტორებში ჩვენ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვახორციელებთ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ვაფინანსებთ. ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ დავეხმარებით, რომ ან განათლების სფეროდან პარტნიორი იპოვოს და კოლეჯთან ერთად გააკეთოს ეს პროგრამა, ან შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გააკეთოს პროგრამა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ამით თავის არსებულ კადრსაც მოიზიდავს და დატოვებს ორგანიზაციაში, ვინაიდან სულ გვესმის გადინების პრობლემა და ასევე ახალ სამუშაო ძალასაც მოიზიდავს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები