ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის ომის 50 დღეში დასრულების ულტიმატუმის დროის გადმოწევას ოფიციალურ კიევსა და მოსკოვში გამოეხმაურნენ.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპის განცხადება პოლიტიკური ზეწოლის ფორმაა და ის ვითარების დიპლომატიურად მოგვარებას ხელს უშლის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების განხორციელებას ძველებურად გააგრძელებს.
ტრამპის ულტიმატუმს უპასუხოდ არც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი დარჩენია. მან მკაცრად გააკრიტიკა ტრამპი და მის განცხადებას “მორიგი ამერიკული შოუ” უწოდა. როგორც მან განაცხადა, შტატები რუსეთის კუთხეში მოქცევას ცდილობს, ეს კი მსოფლიოს კარგს არაფერს მოუტანს.
რაც შეეხება ოფიციალურ კიევს, მათ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება მოიწონეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმის გადმოწევას დროული უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ტრამპის რიტორიკა კი ამ მხრივ ძალიან ეფექტური იქნება.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთს ომის დასრულებისთვის 50-დღიანი ვადა 14 ივლისს მისცა და განაცხადა, რომ თუ პუტინი მოთხოვნას არ დასჯერდებოდა, რუსეთი არსებობის ისტორიაში არნახულ სანქციებს მიიღებდა. მის ეკონომიკურ მოკავშირეებს კი მეორად სანქციებთან გამკლავება მოუწევდათ. ტრამპმა დათქმული ულტიმატუმი გუშინ, 28 ივლისს 10-12 დღემდე შეამცირა. რაც ნიშნავს იმას, რომ პუტინის რეჟიმს დრო 7-9 აგვისტომდე აქვს.




























