მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ვითარდება AI საქართველოში?

AI

დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური პროცესების განუყოფელ ნაწილად იქცა, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა – როგორ ვითარდება AI საქართველოში და რა პოტენციალი აქვს მას ქვეყნისთვის. ამ თემაზე კომპანია HT Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ნინო გვაზავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ათვისების კუთხით განსაკუთრებით აქტიურია კერძო სექტორი, სადაც გამოყენების დონე საკმაოდ მაღალია. ნინო გვაზავა განსაკუთრებით საბანკო სექტორს გამოყოფს: „ტოპ ბანკები საქართველოში, როგორც სხვა მიმართულებებით, გლობალურ ლიდერებად გვევლინებიან და ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც ძლიერი შიდა გუნდები ჰყავთ, რომლებიც AI-ს მრავალფეროვანი და საინტერესო პროცესებისთვის იყენებენ“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, AI ფართოდ გამოიყენება კონტაქტ ცენტრებში მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, წერილებისა და მომართვების ავტომატური დამუშავების, მომხმარებელთა სეგმენტაციისა და ანალიტიკისთვის. ეს ტენდენცია აშკარაა არა მხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ბანკებშიც. „მცირე და საშუალო ბანკები უკვე ღიად აცხადებენ, რომ AI მათი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია და ტექნოლოგიის დანერგვას არ აყოვნებენ“, – ამბობს გვაზავა.

მისი ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება შეინიშნება სხვა ინდუსტრიებშიც, მათ შორის ონლაინ კაზინოებსა და რითეილში, სადაც ის ძირეული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ნინო გვაზავას შეფასებით, დღეს ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტექნოლოგიებია გენერაციული AI და დიდი ენობრივი მოდელები. მაგალითად, ChatGPT-მ მნიშვნელოვნად შეამცირა AI-ის გამოყენების ბარიერები: "ამ ტექნოლოგიამ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს პრაქტიკულად დემოკრატიზაცია გაუკეთა – გამოყენება ინტუიციურია და სპეციალურ ტრენინგსაც არ საჭიროებს", – განმარტავს ის.

მისივე თქმით, AI განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობებს აძლევს მცირე ბიზნესებს, რადგან პროცესები, რომლებიც ადრე სრულ IT გუნდს მოითხოვდა, დღეს ერთ ადამიანსაც შეუძლია მართოს – იქნება ეს ციფრული მარკეტინგი თუ ვებგვერდის შექმნა. უფრო დიდ ორგანიზაციებში კი აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზა და გუნდების ჩართულობა, რათა რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და მიღებული შედეგები მაქსიმალურად რეალისტური იყოს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო ხელოვნური ინტელექტის ადაპტაციის მაჩვენებლით დაახლოებით 200 ქვეყანას შორის პირველ მესამედშია, რაც მისი შეფასებით, უკვე პოზიტიური შედეგია : „ამბიცია გვაქვს, რომ იმ ქვეყნებთან დავახლოვდეთ, როგორებიც არიან სინგაპური, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი და საამიროები“, – ამბობს გვაზავა.

მისი განმარტებით, ამ ქვეყნებში AI-ის სწრაფ განვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის – რეგულაციები ინოვაციების შემზღუდავი კი არა, წამახალისებელი გახდა, განსაკუთრებით სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. „ტექნოლოგიური ტალანტი საქართველოში ამისთვის მზად არის. სწორი მხარდაჭერით შესაძლებელია ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც ქვეყანას საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის“, – აცხადებს HT Solutions-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები