მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება პადელი საქართველოში? - ფედერაციის განმარტება

სპორტი

პადელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი “საჩოგნო” სპორტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ევროპის მასშტაბითაა. სპორტის ეს სახეობა, რომელიც წყვილთა ფორმატში იმართება და ქულების მინიჭების სისტემით ჩოგბურთს ჰგავს, საქართველოში პანდემიამდე გახდა აქტუალური და ეროვნული ფედერაციაც შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის წევრია.

სპორტის ამ სახეობისა და ფედერაციის პოტენციალზე საქართველოში BMGDrive-ის ეთერში საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის სპორტული დირექტორი, დავით ყიფიანი საუბრობს.

“ფედერაცია პანდემიამდე დავაარსეთ, თუმცა პანდემიის გამო აქტივობების დრო ნაკლებად იყო და ეს პერიოდი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას დავუთმეთ, დავესწარით პადელის საერთაშორისო ასამბლეას, სადაც მივიღეთ აღიარება და საერთაშორისო ფედერაციის წევრი გავხდით.

ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიყვანეთ ესპანელი პროფესორები და გადავამზადეთ დაინტერესებული მსაჯებისა და მწვრთნელების 10 კაციანი ჯგუფი. პანდემიის შემდეგ კარგი ის მოხდა, რომ საზოგადოების მხრიდან სპორტის მიმართ ინტერესი ორჯერ უფრო გაიზარდა, ხალხი უფრო აქტიურად დაკავდა სპორტით და, გამოვიდა, რომ პანდემიის დასრულებამდე პადელის სამი კლუბი უკვე შექმნილი იყო და თბილისში ინტენსიური თამაშიც დაიწყო”, - აღნიშნავს დავით ყიფიანი.

მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით პადელის 4 კლუბია შექმნილი, რომლებიც ჯამში 10 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

“დღეს საქართველოში ოთხი კლუბია. პირველი, რომელიც ფედერაციის წევრი გახდა “პადელბადე” იყო თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ასევე მოეწყო პადელის პირველი კორტები და ინფრასტრუქტურა საქართველოში. შემდეგ გაიხსნა Gym Breeze კლუბი, რომელსაც მოჰყვა ლისზე Padel Island და ბოლოს შეიქმნა “პადელის აკადემია”, სადაც ჩავატარეთ პირველი ტურნირიც,

ოთხივე კლუბს რეგისტრაციის თავისი ფორმა აქვს, თუმცა, ჩვენი გამოთვლებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც დარეგისტრირებულია და ერთხელ მაინც უთამაშია, 10 000-ს აღწევს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პადელს 4 ადამიანი თამაშობს, და მათგან მხოლოდ ერთი რეგისტრირდება ხოლმე, პირადად მე ვფიქრობ, რომ რაოდენობა გაცილებით მაღალია”, - ამბობს ფედერაციის სპორტული დირექტორი.

ფედერაცია 4 კლუბისთვის ტურნირთა სერიასაც გეგმავს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და გამარჯვებული მონაწილეობას პადელის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს.

“ნელ-ნელა გაიზარდა ფედერაციაც, გავაწევრიანეთ ოთხივე კლუბი და გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა მათთან, რომ ხელი შევუწყოთ განვითარებაში როგორც კლუბებს, ისე სპორტს და ამისთვის დავგეგმეთ ტურნირების სერია, რომელიც ყველა კლუბში ჩატარდება და ეს იქნება საქართველოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი.

რეიტინგი უკვე შედგა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, წლის ბოლოს ძალის ბალანსი გვქონდეს და ვიცოდეთ, ვის რა შესაძლებლობა აქვს. ასევე, წლის ბოლოს, ოქტომბერში, იქნება შემაჯამებელი ტურნირი, რომელშიც რეიტინგში პირველი 64 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებული საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება”, - აღნიშნავს დავით ყიფიანი.

პადელის კორტები საქართველოში, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისშია მოწყობილი. თუმცა, ყიფიანის თქმით, სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის ხელშეწყობით, სპორტის ეს სახეობა ეტაპობრივად რეგიონებშიც გავა.

“ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია პადელის კორტები, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში და იმერეთშიც კეთდება რამდენიმე კორტი. თბილისის მუნიციპალიტეტმა პადელის პირველი კორტი ცოტა ხნის წინ, ისნის რაიონში გაიხსნა. ძალიან კარგი, ხარისხიანი კორტია, როგორც ვიცი და ეს აუცილებელიცაა, რომ მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო სპორტის განვითარებაში ჩართული იყოს.

თავიდან რომ დავიწყეთ ფედერაციის შენება, ვცდილობთ, დაფინანსება კერძო სექტორიდან მოგვეპოვებინა. თავიდან ეს გაგვიჭირდა, არავინ იცოდა, რა იყო პადელი. თუმცა, კლუბების შექმნამ და ტურნირების ჩატარებამ ინტერესიც გაზარდა, მათ შორის კერძო სექტორის მხრიდანაც, ფედერაციას უკვე ჰყავს 4 სპონსორი, რომელიც ძალიან გვეხმარება განვითარებაში. ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ და ბევრი გავხდეთ”, - აცხადებს დავით ყიფიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები