1 მარტს თბილისში "მანთაშიანც" ბიზბნესკლუბის ორგანიზებით ქართულ-სომხური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. B2B ღონისძიებას ორივე ქვეყნიდან 40-ზე მეტი სფეროს, მათ შორის უძრავი ქონების, ტურიზმისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ბიზნესმენებმა BMG-სთან ქართულ-სომხური ეკონომიკური ურთიერთობები შეაფასეს.
როგორც ბიზნესმენები აღნიშნავენ, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკა სტაბილურად მზარდია, ქვეყნებს შორის პარტნიორობა კი როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებითაა საინტერესო.
"საკმაოდ საინტერესო პროცესია, როდესაც ჩვენ, როგორც სომეხი ბიზნესმენების კლუბი ვაორგანიზებთ მსგავს ღონისძიებებს, რადგან საშუალება გვეძლევა, ურთიერთობა დავამყაროთ ბიზნესმენებთან. საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო დინამიკაა, საკმაოდ ბევრი სომეხი ბიზნესმენია ჩამოსული საქართველოში და ინვესტირებული აქვთ კაპიტალი საკმაოდ საინტერესო ბიზნესებში. ასევე, ქართველი ბიზნესმენების ინტერესიც არის სომეხ ბიზნესმენებთან ურთიერთობა. საკმაოდ კარგი დინამიკაა და ყველაფერს ვაკეთებთ რომ უფრო მეტად დავამყაროთ ეს ურთიერთობები", - ამბობს სერგო საფარიანი, "მანთანშიანც" ბიზნესკლუბის წარმომადგენელი თბილისში.
საქართველო-სომხეთის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე, რომან ბადალიანი აღნიშნავს, სომხური მხარე საქართველოში წარმოებითაა დაინტერესებული, რათა იმ შეღავათებით ისარგებლოს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს.
"საკმაოდ მჭიდრო კავშირებია საქართველო-სომხეთის ბიზნესებს შორის... აქტიურად გადის აქაური ნაწარმი სომხეთში ექსპორტზე და ანალოგიურად, იქაური პროდუქტი შემოდის საქართველოში. ტვირთბრუნვა საკმაოდ დიდია, ნებისმიერ დროს, საზღვარზე ვხვდებით დიდი ოდენობით სატვირთო მანქანებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორ ქვეყანას შორის სერიოზული ბიზნესურთიერთობაა.
ვფიქრობ, სომხური მხარე საქართველოში დაინტერესებულია ადგილობრივი წარმოებით, საწყობებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით, რათა აქ წარმოებული პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიაწოდონ. მათთვის საინტერესოა საქართველოში ახალი, სომხური საწარმოების გახსნა, რომლებიც ისარგებლებენ DCFTA-ით და და სხვა შეღავათებით, რომლებიც საქართველოში გვაქვს საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით", - ამბობს რომან ბადალიანი.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე ასევე მიიჩნევს, რომ სომეხი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ინვესტირება მოგებიანი სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოა.
"ბოლო პერიოდში შეინიშნება სომხური საწარმოების აქ გახსნა, იმის გამო, რომ გამოიყენონ ასოცირების შეთანხმება, გამოიყენონ ქართული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაიტანონ თავიანთი პროდუქცია, რადგან სომხეთს არ აქვს ასეთი შეთანხმება. შესაბამისად, ეს პროდუქტი უკვე ჩაითვლება ქართულად და ევროკავშირში მოხდება ექსპორტი, რაც კარგია, რომ საქართველომ კავკასიური ცენტრის პოზიცია დაიბრუნოს", - ამბობს მიხეილ ჭელიძე.
როგორც ბიზნესმენები აღნიშნავენ, არსებობს საქართველოსთვის პოტენციურად სასარგებლო მიმართულებები, რომლითაც შეიძლება, ქართველი ბიზნესმენები სომხეთთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ასეთი ლოგისტიკური კორიდორების განვითარებაა.
"ხორბლის იმპორტში სომხეთის მიმართულება არ გვაქვს, რადგან სომხეთი თავად იღებს ამ პროდუქტს ლარსისა და ფოთის გავლით. შესაძლოა განვიხილოთ, რომ, საქართველოს რკინიგზის მეტი ჩართულობით, გაკეთდეს კორიდორი, რომლითაც ხორბალი საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლარსი გაჭედილია ბევრი ტვირთის გამო, ან შეუფერხებელ მიწოდებას ამინდის პირობები არ უწყობს ხელს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვხედავთ პოტენციალს, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კორიდორი, რომელიც სომხეთიდან ირანში გადის და პირიქით - ირანული ტვირთების საქართველოში წამოღების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნავს ლევან სილაგავა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ სომხეთიდან საქართველოში ისეთი პროდუქტის იმპორტია შესაძლებელი, რომელსაც ქვეყანაში საერთოდ არ ვაწარმოებთ.
"სომხეთს საკმაოდ კარგად აქვს წარმოება განვითარებული. აწარმოებენ ბევრ ისეთ პროდუქტს, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, მათ შორის, სამშენებლო მასალების, გამათბობლების კუთხით, რომლებსაც ჩვენ არანაირად არ ვაწარმოებთ და კიდევ რამდენიმე პროდუქციაა.
სომხეთში საკმაოდ ბევრი ფრანშიზა აქვთ აღებული ბევრი ქვეყნიდან და, შესაბამისად, ამ პროდუქტის ფასი კონკურენტულია, ხარისხიც საკმაოდ მაღალია, რადგან ფრანშიზაა და სტანდარტი დაცულია. ეს მიმართულებები აქვთ სომხებს და ამ შესაძლებლობებს ჩვენც ვიყენებთ, ისევე როგორც სომხეთი - საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებს", - ამბობს ზურაბ აგლაძე.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის მდგომარეობით, სომხეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ $853.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იანი შემცირებაა. სომხეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითია და საქართველო ამ მიმართულებით 2.6-ჯერ მეტს ყიდის, ვიდრე თავად ყიდულობს.
ამასთან, 2024 წელს სომხეთი საექსპორტო პარტნიორებში, 617.5 მლნ დოლარის ექსპორტით, მეხუთე პოზიციაზე იყო. რაც შეეხება იმპორტს, სომხეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების ჩამონათვალში ვერ ხვდება.