მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება ქართული მოდის ბიზნესი? - სექტორის გამოწვევები

63f218fea5e80
ლიკა მეგუთნიშვილი
20.02.23 09:48
758
ქართველი დიზაინერები საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ცენტრში წლიდან წლამდე სულ უფრო ხშირად ექცევიან, მათი კოლექციები კი, გასაყიდად მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე გადის.

მართალია, პანდემიამ ქართული მოდის, როგორც ბიზნესის განვითარება, გარკვეულწილად შეაფერხა და კრიზისი გაყიდვებზეც აისახა, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი, სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მოდის სახლებმა როგორც პროდუქციის წარმოება, ისე მსოფლიოს მასშტაბით მისი რეალიზაციის მაჩვენებელიც გაზარდეს.

მაგრამ, როგორც დიზაინერები ამბობენ, პანდემიამდელ ნიშნულს, ანუ ქართული მოდის ე.წ. "ოქროს ხანას" ჯერ სრულად მაინც ვერ დაუბრუნდნენ, შემაფერხებელი ფაქტორი კი, ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომია.

„პანდემიის გავლენა მოდის ბიზნესზე ძალიან დიდი იყო. გაყიდვები დაახლოებით 40-45%-ით შეჩერდა. თუმცა, დაახლოებით 1-1.5 წელია, რაც ბიზნესი 18-20%-ით დაუბრუნდა იმ მაჩვენებელს, რაც 2020 წლამდე იყო. 2022 წელს კი, უცებ პანდემიამდელ მაჩვენებელზე უფრო დიდი შემოსავალი დაიდო, ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ კოვიდის შემდეგ ხალხმა კვლავ დაიწყო აქტიური ცხოვრება და შემოსავალი დაახლოებით 55%-ით გაგვეზარდა. თუმცა მალევე დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და ბიზნესი ისევ შეჩერდა, ისევ იგივე ხდება. რუსი მსყიდველუნარიანი მომხმარებლის წილი დაახლოებით 40% იყო, ხოლო უკრაინელის - 10%. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ვერ დავუბრუნდით პანდემიამდელ ნიშნულს, 15-17% კიდევ გვაშორებს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გვინდა ზრდა. კომპანია სრულად მომართულია ახალი ბაზრების ათვისებისთვის“, - აცხადებს ბრენდ Materiel-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი ანა ვეფხვაძე.

„ომმა მოდის ბიზნესზე ძალიან იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაწარმი რუსეთში არ იყიდებოდა, ეს ჩვენს სხვა ქვეყნის მომხმარებელზემაინც აისახა, მაგალითად ჩინეთზე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. გარდა ამისა, ჩინეთს დიდ ქალაქებში ლოკდაუნი ჰქონდა გამოცხადებული და ამანაც თავისი როლი შეასრულა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებული წელი გვქონდა და გვაქვს, რადგან ევროპის ბაზარი გაიხსნა. ასევე, დავასრულეთ მუშაობა შემოდგომა-ზამთარი 2023-2024-ს კოლექციაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიგზავნება ლონდონში, შემდგომ პარიზსა და ჩინეთში“, - აღნიშნა დიზაინერმა, ბრენდ ZARQUA-ს დამფუძნებელმა ნინა ზარქუამ.

ქართულ მოდის ინდუსტრიაში ისეთი ბრენდებიც არის, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომს არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია და 2022 წელს მათ ბიზნესის სრულად აღდგენა და პანდემიურ ნიშნულზე დაბრუნება შეძლეს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ფინანსურად და შეკვეთების თვალსაზრისით გავუთანაბრდით იმ პერიოდს, სადაც გავჩერდით პანდემიამდე. ჩვენი აზრით, ეს ძალიან კარგია, რადგან ეტაპების გავლა არ მოგვიწია იმისთვის, რომ ძველ ნიშნულს დავბრუნებოდით. ახლა მივდივართ პარიზში, სადაც ჩვენს შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარვადგენთ და იმედი მაქვს, შეკვეთების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ბრენდ LIYA-ს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა თათა მორჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები