სილიკონის ველზე, Google Cloud-ის კამპუსში Globalize-ის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში ერთმანეთს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ინვესტორები და სტარტაპები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები და მოწვეული სპიკერები შეხვდნენ. მათ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქართული სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სპიკერებს შორის ერთ-ერთი სპორტსმენი, ანტრეპრენერი და ინვესტორი ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც BMGTV-სთან ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა.
როგორც ფაჩულიამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ქართული სტარტაპები ზრდის საკმაოდ სწრაფ ტემპს აჩვენებენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ამ მხრივ საკმაოდ დიდი კონკურენცია, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
"ვფიქრობ, ეს ეკოსისტემა სულ უფრო ვითარდება, უფრო მეტი წარმატებული სტარტაპი ჩნდება, რაც ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ აქ მარტო არ ვართ, სხვადასხვა ქვეყნები ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართულები არიან და საკმაოდ ბევრი წარმატების ისტორიაც დაუგროვდათ. ზოგადად, ძალიან საინტერესოა ის, თუ საით მიდის დღეს მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემა. მას ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ასე რომ, მივესალმები, რაც უფრო მეტი იდეა გაჩნდება ამ მიმართულებით საქართველოში და იმედი მაქვს, ეს ეკოსისტემა ზრდას განაგრძობს", - აღნიშნავს ფაჩულია.
ზაზა ფაჩულიამ, როგორც "ენჯელ" ინვესტორმა, ინვესტიცია უკვე არაერთ ქართულ სტარტაპში განახორციელა, მათ შორის არის: Pulsar A, PAYZE და ა.შ.
როგორც თავად აღნიშნავს სტარტაპის სამომავლო წარმატებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტორის მიერ გაღებული ფინანსური კონტრიბუცია, არამედ ის, თუ რამდენად სრულყოფილად ესმის ამ ინვესტორს ის სფერო, რომელსაც ესა თუ ის სტარტაპი მიეკუთვნება.
"სტარტაპებთან ურთიერთობის დროს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუ როგორ შემიძლია მათი დახმარება. ამ სფეროში, გარდა ფინანსური მხარისა, მნიშვნელოვანია რა ღირებულება აქვს ინვესტორს სტარტაპისთვის და რამდენად შეგიძლია მას კლიენტი ან პოტენციური ინვესტორი გააცნო", - აღნიშნავს ფაჩულია.
ამ ყველაფერთან ერთად, ზაზა ფაჩულიამ BMGtv-ის ეთერში გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში "სილიკონის ველის" მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული კომპანიების გადინებისა, "სილიკონის ველი" მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების სამშობლოს ტიტულს კვლავ ღირსეულად ატარებს.
"მართალია ბევრი კომპანია გავიდა აქედან, თუმცა ბევრიც დაბრუნდა. მაინც ყველას უნდა იქ ყოფნა, სადაც Facebook, Google, Apple და სხვა არაერთი კომპანია დაიბადა. განსაკუთრებით სტარტაპისთვის არის მნიშვნელოვანი ვენჩერებთან ახლოს ყოფნა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან რამეს მივხვდი, მთავარი ის კი არ არის რა იცი, არამედ ვის იცნობ და რა ხალხში, რა ეკოსისტემაში ცხოვრობ. ასე რომ, სილიკონის ველი ყოველთვის სილიკონის ველი იქნება", - ამბობს ინვესტორი ზაზა ფაჩულია.