მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითვლით ხელფასს და რომელს უნდა დავეყრდნოთ საშუალოს თუ მედიანურ მაჩვენებელს?

ხელფასი

საქართველოში საშუალო ხელფასი ნომინალში მუდმივად მზარდია, ზრდა პანდემიის დროსაც კი გაგრძელდა, როცა ქვეყანაში კარანტინი იყო გამოცხადებული და ბევრი სექტორი საერთოდ გაჩერებული.

მიმდინარე კვირაში საქსტატმა II კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 207 ლარით 2212 ლარამდე არის გაზრდილი. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ეს თანხა გადასახადების ჩათვლით არის, რაც ნიშნავს, რომ მე-2 კვარტალში საშუალო ხელფასი რეალურად 1770 ლარი იყო.

მთავრობა საშუალო ხელფასის ზრდით მუდმივად იწონებს თავს, თუმცა იმისათვის, რომ გავიგოთ რეალურად რამდენით გაიზარდა ხელფასი - ის ინფლაციის გათვალისწინებით უნდა დავთვალოთ. თან იმ პირობებში, როცა საქართველოში ბოლო წლებში ინფლაცია ანუ ფასების დონე საკმაოდ მაღალი იყო და მაგალითად 2022 წელს 11%-საც აჭარბებდა. რადგან “ქართული ოცნება” ხშირად ედრება 2012 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, შედარებითი ანალიზისთვის ჩვენც 2012 წლის საშუალო ხელფასი ავიღეთ.

2012 წელს, როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა საშუალო ხელფასი 713 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ ნომინალში თვიური ხელფასის ზრდა 300%-ს აჭარბებს, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით ზრდა არა 310%, არამედ 77%-ია.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ნომინალში ზრდა არაფერს გვაძლევს და თუ გვინდა გავიგოთ რეალურად გაიზარდა თუ არა მოქალაქეების შემოსავლები ინფლაციაც უნდა დავთვალოთ. შეგახსენებთ რომ ინფლაცია ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდაა. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება.

"მხოლოდ ნომინალზე ყურება შეცდომაა. ამიტომ ყოველთვის უნდა მივიღოთ მხედველობაში რამხელაა ინფლაცია იმ წელს, იმ პერიოდში ან წლის კონკრეტულ მონაკვეთში. როგორც წესი, ხელფასები ყოველთვის იზრდება. ეს ცნობილი ფენომენია ეკონომიკაში. რადგან ხელფასის შემცირებას ვერ იტანს ბიზნესი და ბაზარი. თუ რეალური ზრდა არის მაღალი, მაშინ მოქალაქეების კეთილდღეობა იზრდება, თუ რეალური ზრდა ნულთან ახლოსა, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა ერთ დონეზეა", - ამბობს ხიშტოვანი.

ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის,საფინანსო-სადაზღვევო და პროფესიულ-სამეცნიერო საქმიანობებშია. სტატისტიკაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელში ხელფასი ნომინალში 73%-ით არის გაზრდილი.

საშუალო ნომინალური ხელფასი ბოლო ხუთ წელში:

  • 2024 წელი - 2059 ლარი;
  • 2023 წელი - 1767 ლარი;
  • 2022 წელი - 1543 ლარი;
  • 2021 წელი - 1304 ლარი;
  • 2020 წელი - 1191 ლარი;

რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია გვეუბნება, რომ საშუალო ხელფასი ნომინალშიც და რეალურად ნამდვილად იზრდება, თუმცა საბოლოოდ ეს თანხა მაინც დაბალია.

დროში შედარებისთვის სადაც ნომინალურ მაჩვენებელს ვიყენებთ ყველგან არასწორია. ნომინალური მაჩვენებელი არ არის არსად ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ. არც ხელფასის და არც მთლიანი შიდა პროდუქტის შემთხვევაში არსად ნომინალური მაჩვენებელი არ გვიჩვენებს არაფერს. ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია რა შემოსავალს ვიღებთ და რა მსყიდველუნარიანობა გააჩნია ამ თანხას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევხედოთ არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ხარჯების ზრდასაც. ოღონდ ხარჯების ზრდას გამოწვეულს ფულის მსყიდველუნარიანობის დაკარგვით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ინფლაციით. შესაბამისად, იმ პერიოდში რაშიც ნომინალურ ზრდას ვუყურებთ უნდა შევხედოთ ფასების დონის ზრდასაც", - აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

საქსტატი ხელფასს ორი მეთოდით საშუალო და მედიანურით ზომავს. მედიანურ და საშუალო ხელფასის მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

2024 წლის მედიანური ხელფასის ზუსტ მონაცემს საქსტატი ოქტომბერში გამოაქვეყნებს. 2023 წლის მონაცემებში კი საშუალო ხელფასი თუ 1767 ლარი იყო, მედიანური ხელფასის მაჩვენებელი 30%- ით ნაკლები 1238 ლარია.

მედიანური ხელფასი ბოლო ხუთ წელში:

  • 2023 წელი - 1238 ლარი;
  • 2022 წელი - 1040 ლარი;
  • 2021 წელი - 900 ლარი;
  • 2020 წელი - 809 ლარი;
  • 2019 წელი - 792 ლარი;

სხვაობის მიზეზი დათვლის მეთოდოლოგიაშია. საშუალო ხელფასის გამოსათვლელად: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემიას-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, - იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.

"ჩემი აზრით, მედიანური ხელფასი უფრო სწორია. იმიტომ, რომ საქართველოში სტატისტიკა გვეუბნება, რომ ძალიან განსხვავებულია ყველა კრიტერიუმით ხელფასები, გენდერულად, სექტორულად, პოზიციურად. ანუ ეს არ არის სამუშაო ბაზარი, სადაც ვიტყოდით, რომ ქალებს და კაცებს აქვთ იგივე ხელფასი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს აქვთ მსგავსი ხელფასი. ეს რომ ასე იყოს, კიდევ ვიტყოდით, რომ საშუალო ხელფასი მეტად თუ ნაკლებად ადეკვატურია. ეს ასე არ არის. ვიცით, რომ განათლებაში ხელფასი არის 800 ლარი, IT-ში, მაგალითად, საშუალო ხელფასი დაახლოებით 4500 ლარია", - ამბობს ხიშტოვანი.

ფაქტია, რომ ხელფასი მედიანურით დავითვლით თუ საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ მნიშვნელოვანი მონაცემია, რომელიც მოქალაქეების მეტ-ნაკლებად რეალურ შემოსავლებზე გვაძლევს ინფორმაციას. ამიტომ, მისი შეფასებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ფასების დონე, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა კუპიურების რაოდენობა და ბანკნოტების ნომინალები, არამედ ფულის მსყიდველუნარიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები