მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება კანონპროექტის განხილვის შეჩერება - რა წერია რეგლამენტში?

64098eeb79f01
ინგა მურუსიძე
09.03.23 11:51
2570
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. შესაბამისი განცხადება დღეს გავრცელდა.

თუმცა საქმე ის არის, რომ პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას არ ითვალისწინებს. ხოლო ინიცირებული და პირველი მოსმენით მიუღებელი კანონპროექტის გაწვევა განცხადებით არის შესაძლებელი:

რეგლამენტში წერია:

მუხლი 101. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.
4. კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ ინიცირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის
ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ანუ, „ხალხის ძალას“ შეუძლია, განცხადება გააკეთოს და გაიწვიოს კანონპროექტის ე.წ. ამერიკული ვერსია, რომელიც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის სახელწოდებით არის რეგისტრირებული პარლამენტში.

რაც შეეხება პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ამ შემთხვევაში რეგლამენტი გაწვევის პროცედურებს არ ითვალისწინებს, თუმცა როგორც ყოფილი კანონმდებლები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში ხშირად იყენებენ კანონპროექტის ჩაგდების ფორმას.

მუხლი 112:

16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

17. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.

აქვე, იურისტების განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი გზა - პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არც ჩააგდონ და არც განხილვა გააგრძელონ. „ამ შემთხვევაში შემოიდება თაროზე და განხილვის გაგრძელება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი“, - განმარტავენ იურისტები.

ამ ეტაპზე უცნობია, კანონპროექტის გაწვევის რომელ გზას აირჩევს ინიციატორი. bm.ge ცდილობს მოიპოვოს კომენტარი საკითხზე და პოზიციას მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები