ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნა, რომელიც ვაქცინების მიწოდების პროცესს შეეხება უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.
"არ ვფიქრობ, რომ ამ აუდიტს ბევრი დრო დასჭირდება, ალბათ რამდენიმე დღე და როგორც კი დასრულდება ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ გააცნონ საზოგადოებას დასკვნა და ხარვეზები,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძის მოადგილის განცხადებით, მათი მიზანია არ დაუშვან ისეთი ფაქტის განმეორება, რაც გასული კვირის დასაწყისში მოხდა და რის გამოც, მოქალაქეებს "ასტრაზენეკას" ვაქცინების დეფიციტის გამო აცრაზე დროებით უარი ეთქვათ.
"რაც მოხდა ხარვეზი და რასაც აუდიტის სამსახური სწავლობს და რაც არ გვინდა, რომ განმეორდეს, როდესაც მასშტაბი იქნება გაცილებით დიდი და არ გვინდა რომ მოხდეს შეფერხება ვაქცინის შენახვის დაწესებულებიდან მისი მოხმარების დაწესებულებაში. ეს ხარვეზი გამოვლინდა პირველ რიგში და აუდიტი უკვე ყველა დონის პასუხისმგებელ უწყებასთან შეისწავლის რომ ეს არ განმეორდეს,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
BMG საკითხის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში ამჟამად ორი აუდიტი მიმდინარეობს, ერთია ჯანდაცვის სამინისტროს შიდა უწყებრივი აუდიტი, მეორე კი არის მათი აუდიტი, რომლის მიზანიც 2020 წლიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების შესყიდვების შესწავლას უკავშირება. უწყების ინფორმაციით, მათი აუდიტი ერთ თვეში გამოქვეყნდა. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ თამარ გაბუნიას მიერ დასახელებული აუდიტი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტს გულისხმობდა.




























