ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს შეთანხმებულ ქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. გასულ კვირას სამინისტრომ იმ მედიკამენტების ნუსხა გაავრცელა, რა შემთხვევაშიც მათი თქმით, ადგილი აქვს სააფთიაქო ქსელებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით წამლების რეალიზაციას.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს. აღნიშნულ მედიკამენტებზე კი ქსელებში შესასყიდ და გასაყიდ ფასთაშორის მარჟა საშუალოდ 3%-იდან 30%-მდე შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია bm.ge-სთან აცხადებს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში ბიზნესს აქვს სივრცე, რეფერენტული ფასთწარმოქნის ხარჯი, სხვა მედიკამენტებზე გადაიტანოს და ეს რისკი თავიდანვე იყო ცნობილი.
„რეფერენტული ფასები იმ მედიკამენტებზე, რომელზეც არ ვრცელდება, რა თქმა უნდა გარკვეულწილად ქმნის იმის სივრცეს, რომ მოხდეს ხარჯის გადატანა რეფერენტული ფასების მედიკამენტიდან იმ მედიკამენტზე, რომელიც ამ კალათაში არ მოხვდა. მსოფლიო გამოცდილება საუბრობს ამაზე და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სფერო მონიტორინგისთვის. გამომდინარე აქედან მიმდინარე პროცესში მონიტორინგი რაც ხორციელდება ფასზე, იმპორტის ტენდენციაზე, დეფიციტი არის თუ არა, ეს ყველაფერი ჯამურად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ, სად ხდება ფასის ხელოვნურად გაზრდა, რამდენად დეფიციტი შეიძლება ხელოვნურად შეიქმნა, ეს სცილდება ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციებს და გადადის კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაში“,- აცხადებს თამარ გაბუნია.
კონკურენციის სააგენტოში კი bm.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სააგენტო დეტალურად ეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და აღნიშნულ ბაზარზე არსებულ გარემოებებს. „გონივრული ეჭვის არსებობის დადგენის შემთხვევაში მოკვლევის პროცესს დავიწყებთ“ - აცხადებენ სააგენტოში.
ამ დროისთვის რეფერენტული ფასი 5000 დასახელების მედიკამენტზე ვრცელდება. ფარმაბიზნესი ბოლო თვეებია მიუთითებს, რომ უკვე შეიქმნა რიგი ევროპული და ამერიკული წარმოების მედიკამენტების დეფიციტი, რადგან ეს წამლები რეფერენტულ ფასში ფიზიკურად ვერ ჯდება, თუმცა სექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაზარი წამლის გარეშე არ დარჩება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ბაზარს ძირითადად აზიური წარმოების მედიკამენტები ჩაანაცვლებს მას შემდეგ, რაც კომპანიების არსებული მარაგები ამოიწურება. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბაზარზე ამ ეტაპზე ევროპული წამლების დეფიციტი არ შეიმჩნევა.
„სახელმწიფო, როგორც დიდი შემსყიდველი[ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების], თავად ქმნის მოთხოვნას ევროპული წარმოების მედიკამენტებზე, რაც ამ მედიკამენტებს ბაზარზე დარჩენის გარანტიას და შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა ეს ფასთწარმოქმნა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ევროპის ბაზარს ემყარება, ეს არის ევროპიდან შემოსული მედიკამენტები და რა თქმა უნდა ის, რომ მოსახლეობამაც იცოდეს ხარისხიანი მედიკამენტი რომელია. ესეც არის ერთ-ერთი ჩვენი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი.
რაც შეეხება რეალურ ტენდენციებს, თუ რა ხდება, ამის ანალიზი კეთდება. ევროპული წარმოების მედიკამენტები ბაზარზე დარჩა თუ არა, ხომ არ ჩაანაცვლა ეს რომელიმე აზიური წარმოების მედიკამენტმა, ჯერჯერობით ეს ცვლილება ნამდვილად არ აღინიშნება“,-აცხადებს თამარ გაბუნია.