ფარმაცევტული რეფორმების ამოქმედებისა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის, ანუ მაქსიმალური სარეალიზაციო ღირებულების დაწესების შემდეგ თითქმის 1 წელი გავიდა.
რეფორმის შედეგები BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ფასის ფორმირების მეთოდოლოგიაა.
“ფაქტობრივად, ფორსმაჟორის რეჟიმში ვოპერირებთ, რადგან ყოველთვიურად რეფორმებისა და ცვლილებების შედეგების წინაშე ვდგებით. სისტემის ამოქმედებიდან დღემდე მეთოდოლოგია იყო და კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად, რისი ხარვეზებიც თავიდანვე დავინახეთ, მაგრამ დღემდე ჯიუტად არ ხდება მისი გადახედვა.
კანონმდებლობით, ფასი დარეგულირდა ორიგინალ მედიკამენტებზე და მის გენერიკულ ფორმაზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე დასახელების გენერიკულ მედიკამენტებზე სხვადასხვა ფასია დაწესებული - ეს უკვე ხარვეზია. ხარვეზია ფასის წარმოქმნის ფორმაშიც. რეფერენტული მედიკამენტების დიდი ნაწილი 4 რეფერენტული ქვეყნიდან მოგვაქვს, საიდანაც ზოგიერთ დასახელების პროდუქტი ერთ ქვეყანაში მაინც იძებნება და ფასიც იქიდან დგინდება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რეფერენტული ქვეყნები, მაგალითად მონტენეგრო და მაკედონია, ჩვენი ბაზრის იმპორტში საერთოდ არ მონაწილეობენ - მათ მიხედვით დადგენილი ფასი კი არარელევანტურია ჩვენი ბაზრისათვის”, - აღნიშნავს ილონა კოკიაშვილი.
ასოციაციის ხელმძღვანელი კიდევ ერთ ხარვეზზე საუბრობს, როდესაც სპეციალურად საქართველოსთვის წარმოებულ მედიკამენტებზე სახელმწიფო მაქსიმალურ ღირებულებას ისე აწესებს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს არ აქვთ საშუალება დაადგინონ, რის მიხედვით განისაზღვრა ის.
ზოგიერთი მედიკამენტის მომხმარებელი იმასაც აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასების სისტემის ამოქმედების შემდეგ სააფთიაქო ქსელებში ევროპულ და ამერიკულ მედიკამენტებზე დეფიციტი გაჩნდა. კოკიაშვილის განმარტებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტების ღირებულება რეფერენტულ ფასში ვერ ჯდება და კომპანიები იძულებულები ხდებიან, აზიური ალტერნატივები შემოიტანონ.
“კომპანიები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ დეფიციტური მედიკამენტების მარაგები შეავსონ და პაციენტებმა ეს ხარვეზი ვერ იგრძნონ. ფარმაცევტული კომპანიის მთავარი მიზანია, ჰქონდეს აბსოლუტური ასორტიმენტი მედიკამენტებისა, რაც დაშვებულია ქვეყანაში და მოახდინოს უწყვეტი ციკლი მომარაგებისა. ჩვენ სხვა მიზანი და დანიშნულება არ გვაქვს და ჩვენს ინტერესშია, რომ დეფიციტი არ იყოს.
მაგრამ არ გვსურს, სამინისტროს ხისტი მიდგომის გამო, ხარისხობრივად ბაზრის გაფუჭება. გვინდა, მაღალი ხარისხი გენერიული მედიკამენტი ევროპული ბაზრიდან, არ გვინდა ამ მედიკამენტების აზიური ბაზრით ჩანაცვლება, რადგან ეს კომპანიის პრესტიჟია, რომ პაციენტებს ყველაზე მაღალი კლასის მედიკამენტები შესთავაზოს. მაგრამ იძულებული ვართ ალტერნატივა შევთავაზოთ პაციენტებს, რომ მწვავე დეფიციტი არ შეიქმნას”, - ამბობს ილონა კოკიაშვილი.
ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ფარმაცევტული რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე, მოქალაქეებმა მედიკამენტებზე 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს და წამლები 40-45%-ით გაუიაფდათ.