მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს იტალიასთან, რომელიც "ოცნების" დასანქცირებას მხარს უჭერს

იტალია საქართველო

იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც “ოცნების” მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. ამის დამადასტურებელი განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თითქოს იტალია იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს.

„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსენსუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც. იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდზე უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ევროპული გზა გადაკეტეს, გადახედვადი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

Bm.ge დაინტერესდა, როგორია იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში, რომლის მოკლე მიმოხილვასაც გთავაზობთ ვაჭრობის, FDI-ის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ჭრილში.

ვაჭრობა

იტალია საქართველოს მთავარ TOP-10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის ვერ ხვდება, თუმცა ამ ქვეყანასთან ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდია. მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში იტალია-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 425,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 371.1 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წლის იანვარ-ნოემბერში - 305,6 მლნ აშშ დოლარი.

სავაჭრო ბრუნვაში ტრადიციულად იმპორტი მნიშვნელოვნად ჭარბობს ექსპორტს. წელს, 11 თვეში იტალიიდან საქართველოში 378,7 მლნ აშშ დოლარის საქონლის იმპორტი დაფიქსირდა, რაც აჭარბებს წინა წლების მაჩვენებლებს: 2023 წლის იანვარ-ნოემბერში - 338,2 მლნ აშშ დოლარი და 2022 წლის იანვარ-ნოემბერში - 251 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება მთავარ საიმპორტო პროდუქციას, მიმდინარე წლის მაჩვენებლების მიხედვით, TOP ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 24,294.54 ათასი აშშ დოლარი
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13,266.04 ათასი აშშ დოლარი
  3. მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 10,974.05 ათასი აშშ დოლარი
  4. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 10,580.31 ათასი აშშ დოლარი
  5. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 9,362.68 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 15 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 47 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელთან (54,5 მლნ აშშ დოლარი) შედარებით შემცირდა.

მთავარი საექსპორტო პროდუქტის TOP-ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. თხილი და სხვა კაკალი - 14,175.85 ათასი აშშ დოლარი
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11,261.85 ათასი აშშ დოლარი
  3. ფეროშენადნობები - 9,789.92 ათასი აშშ დოლარი
  4. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,743.65 ათასი აშშ დოლარი
  5. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1,607.51 ათასი აშშ დოლარი

FDI

მესამე კვარტალში იტალიიდან უარყოფითი FDI დაფიქსირდა -414.1 ათასი დოლარის ოდენობით. I-II კვარტალში კი, ჯამში, იტალიიდან საქართველოში 1,3 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. რაც შეეხება გასულ წლებში იტალიიდან შემოსულ FDI-ს, 2023 წელს უარყოფითი იყო -4,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 2022 წელს ჯამურად 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 2,7 მლნ აშშ დოლარის FDI ჩაიდო იტალიიდან. რეკორდული წელი 2017 წელი იყო, როდესაც იტალიიდან 8,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

ტურიზმი

საქართველოში მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე იტალიიდან ვიზიტორების შემომსვლელთა რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 15 898 შეადგინა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კი, მათი რაოდენობა 12 360 იყო. ხოლო ჯამურად, გასულ წელს, იტალიელი ვიზიტორების რაოდენობა 15 961 იყო. მანამდე, პანდემიის პერიოდში კი, ბუნებრივია, ამ მხრივ მკვეთრი კლება დაფიქსირდა. ხოლო რეკორდული ამ ქვეყნიდან ვიზიტების მიხედვით 2019 წელი იყო, როცა საქართველოს 21,424 ვიზიტორი ეწვია.

ფულადი გზავნილები

იტალია ფულადი გადმორიცხვების მიხედვით ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ, ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან საქართველოს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეების დიდი ნაწილი სწორედ იტალიაშია. მიმდინარე წლის ნოემბერში, იტალიიდან 45.16 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც წლიურად 4.4%-იან ზრდაზე მიუთითებს.

მთლიან გადმორიცხვებში იტალიას თითქმის 17% უკავია. ცნობისთვის, იტალიიდან ჯამური წლიური გადმორიცხვები ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, იტალიიდან ჯამში საქართველოში 523 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წელს - 431,6 მლნ აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 11 თვეში კი ჯამში უკვე 516 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები