ბულგარეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც უცხოური მედია წერს, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს რუმენ რადევს აქვს. რადევის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და პარტია DPS-ის ლიდერი, დელიან პეევსკი მიიჩნევიან. ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2025 წლის დეკემბერში როსან ჟელიაზკოვის მთავრობა საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.
bm.ge დაინტერესდა, როგორია საქართველოსა და ამ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ მიმოხილვას:
ვაჭრობა
მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ბულგარეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირებულია. კერძოდ, წელს ამ ქვეყანასთან ორ თვეში 49,7 მლნ აშშ დოლარის ვივაჭრეთ, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი - 75,7 მლნ აშშ დოლარის. ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობაში 34%-იანი ვარდნა გვაქვს. შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. კერძოდ, წელს, ექსპორტი ორ თვეში 17,3 მლნ აშშ დოლარის გვქონდა, გასულ წელს კი 28,4 მლნ აშშ დოლარი. ხოლო იმპორტი, 2026 წლის იანვარ-თებერვალში - 32,3 მლნ აშშ დოლარი, გასული წლის იანვარ-თებერვალში - 47,2 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტში პირველ სამეულშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ატრაქციონები და ოთახის სათამაშოები და სამკურნალო საშუალებები. გასული წლის პირველი ორი თვის სტატისტიკაში, ბულგარეთიდან იმპორტირებულ საქონელს შორის TOP-3-ს შორის ნავთობის და სამკურნალოს საშუალებების გარდა, მსუბუქი ავტომობილებიც მოხვდა. იმპორტში კლება ნავთობზე, ავტომობილებზე და სხვა საქონელზეც გვაქვს. მათ შორის ავეჯი, კოპტონი და სხვა.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს, პირველ სამეულშია სპილენძის მადნები, სპილენძის ჯართი, შესაფუთი ტომრები და პაკეტები. გასულ წელს კი ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი იყო პირველ ადგილზე, რაც წელს საერთოდ არც ფიქსირდება. გამოდის, მეტწილად ბულგარეთში ექსპორტის შემცირება სწორედ ძვირფასი ლითონების მადნების და კონცეტრანტების ნულოვანი ექსპორტის შედეგია.
FDI
გასულ წელს წინასწარი მონაცემებით, ბულგარეთიდან 13 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს წინა წელს მნიშვნელოვნად აღემატება, ვინაიდან 2024-ში ბულგარეთიდან FDI მინუსში (-6,9 მლნ აშშ დოლარი) ფიქსირდებოდა, თუმცა 2023 წლის მაჩვენებელს (16 მლნ აშშ დოლარს) 3 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული რიცხვი სწორედ 2023 წელს იყო. მანამდე ამ ქვეყნიდან FDI უფრო ნაკლები, ან საერთოდ არ ფიქსირდებოდა.
ტურიზმი
ბულგარეთი საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში TOP-15-ში ვერ ხვდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნიდან 1 138 ვიზიტი შედგა, რაც 14.6%-იან კლებაზე მიუთითებს. გასული წლის განმავლობაში კი, ჯამურად ბულგარეთიდან 10 066 ვიზიტი შედგა. კლება 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 1.4%-იანია.
ფულადი გზავნილები
ბულგარეთიდან ფულადი გზავნილებიც შემცირებულია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნიდან 872 100 აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა 2025 წლის პირველ კვარტალში ბულგარეთიდან გადმორიცხვები 1,1 მლნ აშშ დოლარი იყო.




























