მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებიც ვაჭრობას საქართველოს გავლით გეგმავენ|რიცხვები

სომხეთი აზერბაიჯანი

სომხეთი აზერბაიჯანთან ვაჭრობის პერსპექტივას განიხილავს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანის განცხადებით, სომხური პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტის საკითხი დღის წესრიგშია. მინისტრის თქმით, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების „საკმაოდ ფართო პოტენციალი“ არსებობს. პაპოიანის განმარტებით, ვაჭრობის განვითარებისთვის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას „საქართველოს რკინიგზის“ ხაზით ტრანზიტის კონკურენტული ღირებულება წარმოადგენს.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე - 23 დეკემბერს პირველად, სომხეთში საქართველოს გავლით საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა. საუბარია 1,300 ტონა A95 ტიპის ბენზინზე, რომლის ტრანსპორტირებაც 22 ვაგონისგან შემდგარი მატარებლით განხორციელდა. როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა მაშინ თქვა, აზერბაიჯანული მატარებელი საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ აირუმში გაჩერდა, სადაც საწვავი რკინიგზის სადგურზე ჩამოტვირთა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დამყარების პირველ სიმბოლოდ იქცა.

თუმცა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს რკინიგზის ტარიფებზე უკმაყოფილება არ დამალა და 18 დეკემბერს განაცხადა: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების შემდგომი გადაზიდვის ნაწილში ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება... თუ საკითხები არ დარეგულირდება, ვიმედოვნებ ბიზნესი იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად ლოგიკურად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ“.

გუშინ - 27 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა.

ამგვარად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის აღდგენაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუმცა როგორია თავად საქართველოს ეკონომიკური კავშირები ამ ორ მეზობელ ქვეყანასთან? – BMG ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კავშირებს რიცხვებში წარმოგიდგენთ:

ვაჭრობა:

საქართველოს აზერბაიჯანთან უფრო დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე სომხეთთან და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მთავარი მომმარაგებელია.

მიმდინარე წლის 11 თვეში აზერბაიჯანთან ვაჭრობამ 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სომხეთთან დაახლოებით ორჯერ ნაკლები - 692 მლნ აშშ დოლარი.

თუმცა ორივე ქვეყანასთან ვაჭრობაში მეტი წილი ექსპორტს უკავია. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში 638 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიტანეთ, სომხეთში კი - 497 მლნ აშშ დოლარის. ორივე ქვეყანაში მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, თუმცა ბუნებრივია, ეს რეექსპორტია.

TOP-5 საექსპორტო საქონელი სომხეთში

TOP-5 საექსპორტო საქონელი აზერბაიჯანში

მსუბუქი ავტომობილები ($50,5 მლნ)

მსუბუქი ავტომობილები ($196,6 მლნ)

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($39,6 მლნ)

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები ($49,4 მლნ)

ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($27,9 მლნ)

ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან ($37,7 მლნ)

ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა ($16,9 მლნ)

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით ($29,5 მლნ)

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით ($14,7 მლნ)

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ($26,9 მლნ)

რაც შეეხება იმპორტს, აზერბაიჯანიდან იმპორტი წელს 573 მლნ აშშ დოლარს, ხოლო სომხეთიდან 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

TOP-5 საიმპორტო საქონელი სომხეთიდან

TOP-5 საიმპორტო საქონელი აზერბაიჯანიდან

მადნები და კონცენტრატები სპილენძის ($56,7 მლნ)

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა ($202,3 მლნ)

ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები ($25,4 მლნ)

ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($99 მლნ)

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან ($20,4 მლნ)

ცემენტი ($61,7 მლნ)

მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა ($16 მლნ)

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან ($36,8მლნ)

მსუბუქი ავტომობილები ($9 მლნ)

ელექტროენერგია ($22,2 მლნ)

FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მკვეთრი სხვაობაა. აზერბაიჯანიდან უფრო მეტი ინვესტიცია ხორციელდება, რაც საქართველოში მოქმედი ენერგოპროექტებით და კომპანიებითაა განპირობებული, მათ შორის “სოკარი”. სომხეთიდან კი შედარებით ნაკლებია FDI ქართულ ეკონომიკაში.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს პირველ სამ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 105 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სომხეთიდან კი - მხოლოდ 16 მლნ აშშ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჯამურად აზერბაიჯანიდან 83,9 მლნ აშშ დოლარის, ხოლო სომხეთიდან - 23,6 მლნ აშშ დოლარის FDI მივიღეთ.

ტურიზმი

ტურიზმის სტატისტიკაში სომხეთი უსწრებს აზერბაიჯანს. ამას ერთი მხრივ ის განაპირობებს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ, აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს, რაც აფერხებს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება აზერბაიჯანიდან ვიზიტორთა რაოდენობაზეც ასახულია.

მიმდინარე წლის I-III კვარტალში აზერბაიჯანიდან 220 168 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, მაგრამ პრეპანდემიური პერიოდის რიცხვისგან მაინც შორსაა. ცნობისთვის, 2019 წელს აზერბაიჯანიდან ჯამურად 1,5 მლნ ვიზიტი იყო დაფიქსირებული.

რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ამ ქვეყნიდან საქართველოში 720 114 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%-იან კლებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკაში რუსეთის და თურქეთის შემდეგ სომხეთი მესამე ადგილზეა. აზერბაიჯანი კი - მეხუთეზე, მას ხუთეულში ისრაელი უსწრებს.

ფულადი გზავნილები

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აზერბაიჯანიდან წელს, იანვარ-ნოემბერში 36,6 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული. სომხეთიდან კი - სამჯერ ნაკლები - 11,5 მლნ აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები