მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი ფინანსური მდგომარეობაა საქართველოს ფოსტაში, რომელსაც ახალი დირექტორი ჰყავს

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძეს გიორგი ერაძე შეცვლის. ბიზნეს რეესტრში შესაბამისი განაცხადი კომპანიამ 1 სექტემბერს დაარეგისტრირა. გიორგი ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკური კომპანია "სფეის კარგოს" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად "სფეის კარგო" საჰაერო ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიას 2023 წლის ანგარიში გასაჯაროებული აქვს, რომლის მიხედვითაც წლიური შემოსავალი 9.6 მილიონ ლარს, მოგება კი 1.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ფოსტას, ამ დროისთვის კომპანიის მიერ გამოქვეყნებულია 2023 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი წლიურად 1 მილიონი ლარით, 70.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა ხარჯების შემცირების გამო, შემცირდა კომპანიის ზარალი - თუკი იქამდე წლიური ზარალი 11 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ზარალმა 3 მილიონი ლარი შეადგინა.

"საქართველოს ფოსტისთვის" მთავარ ხარჯს მასში დასაქმებული 3000-მდე თანამშრომლის ხელფასი წარმოადგენს, რაზედაც 2023 წელს 35 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ წელს ფოსტა 4.7 მილიონ ერთეულ საფოსტო გზავნილს მოემსახურა. ამასთან, ფოსტისთვის მზარდ სეგმენტს წარმოადგენს ელექტრონული კომერციის ამანათების მომსახურება, 2023 წელს აღნიშნული სეგმენტის დატვირთვა გაოთხმაგდა, გატარებული ამანათების რაოდენობა კი 422 ათასამდე გაიზარდა.

საქართველოში ჩინური ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის - Temu-ს გააქტიურებიდან გამომდინარე, აღნიშნული სეგმენტი კიდევ უფრო მაღალი ტემპებით იზრდება, აღნიშნულის თაობაზე ფოსტის წინა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ 2025 წლის ივლისში Temu-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

რაც შეეხება ფოსტის ფინანსურ ბალანსს, კომპანიის აქტივები 102 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 17 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები