ამერიკუმა Tesla-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის სუფთა მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა შემოსავლების კუთხით მაჩვენებელი ნავარაუდებზე ნაკლები აღმოჩნდა.
საანგარიშო პერიოდში ელექტრომობილების მწარმოებლის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 41 ცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც ბაზარი 37 ცენტს ელოდა. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, მან $22.4 მილიარდი შეადგინა, რაც ოდნავ ჩამოუვარდება პროგნოზირებულ $22.6 მილიარდს. ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა.
ამასთან, პირველ კვარტალში Tesla-ს სუფთა მოგება $409 მილიონიდან $477 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების წარმოების მარჟამ 19.2%-ს მიაღწია, რაც გასული წლის ნებისმიერ კვარტალზე მაღალი მაჩვენებელია. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გაყიდვების საშუალო ფასის მატება და მასალების გაიაფების ხარჯზე თვითღირებულების შემცირება აღმოჩნდა. ამასთან, Tesla გეგმავს Model Y და Model 3 მოდელების უფრო ხელმისაწვდომი ვერსიების წარმოებას, რათა კონკურენცია გაუწიოს ჩინურ გიგანტებს, მათ შორის BYD-სა და Xiaomi-ს.
სტრატეგიული გეგმების ნაწილში ილონ მასკი აქცენტს თვითმართვადი ტექნოლოგიებისა და ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე აკეთებს. კომპანიამ დაადასტურა, რომ კალიფორნიაში მდებარე ქარხანა Optimus-ის ტიპის რობოტების წარმოებაზე გადაერთვება, რომელთა მასობრივი გამოშვება წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება.
პარალელურად, Tesla-ს ფინანსური დირექტორის განცხადებით, კაპიტალური დანახარჯები მიმდინარე წელს $25 მილიარდს გადააჭარბებს, რაც მნიშვნელოვნად მეტია ადრე ნავარაუდებ $20 მილიარდზე.
მიუხედავად ფინანსური ზრდისა, Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს ბაზარზე 14%-ით არის გაუფასურებული, რაც კომპანიის ძირითადი ავტომობილების ხაზის მოძველებითა და მზარდი გლობალური კონკურენციით აიხსნება.




























