მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება iPhone 15? - ყველაფერი, რაც ვიცით

iPhone 15 - ვარაუდი

12 სექტემბერს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი ტექნოლოგიური სამყაროს წლის მთავარ ღონისძიებას გამართავს, რომელზედაც სხვა მოწყობილობებთან ერთად, ახალი თაობის სმარტფონებს და ჭკვიან საათებს წარადგენს. პრეზენტაცია, რომელიც თბილისის დროით ღამის ცხრა საათზე დაიწყება, ტრადიციულად, Apple-ის სათავო ოფისში, შტატ კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ახალი თაობის სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების შესახებ ბევრი რამ, არაოფიციალურად, დღესაც ცნობილია, Apple-მა შეგვაჩვია, რომ სიახლეებით ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებს, ასე რომ კომპანიის მიერ გამოშვებული და განახლებული მოწყობილობების სრული ხაზის განჭვრეტა, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვარაუდის გამოთქმა სულ შეგვიძლია და ლოგიკური იქნება, თუ მსჯელობას ახალი თაობის iPhone-ით დავიწყებთ.

iPhone-მა, ანუ სმარტფონმა, რომელიც სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარადგინა, შეცვალა არამხოლოდ Apple-ის, არამედ კაცობრიობის ბედიც. გარდა იმისა, რომ iPhone-მა თავდაყირა დააყენა მობილური ტელეფონის ცნება, მან სიმარტივე შემოიტანა იმ სფეროში, სადაც იმ წლებში, ყველაფერი ძალიან რთულად იყო. iPhone-ის რევოლუციურობა აისახება კომპანიის შემოსავლებზეც - გასულ წელს, მაგალითად, iPhone-ების გაყიდვით Apple-მა $205 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის ჯამური შემოსავლის 52%-ია. მარტივი შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს რიცხვი 7-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს.

მაშ, რა განსხვავებებს უნდა ველოდოთ iPhone 15-ის შემთხვევაში?

ერთი, რაც დადასტურებულად ვიცით ისაა, რომ ამიერიდან, ახალი თაობის iPhone-ები აღჭურვილი იქნება USB-C-ტიპის პორტით, რომელიც ერთგვარ გლობალურ სტანდარტად ითვლება. ეს გადაწყვეტილება Apple-ს საკუთარი ნებით არ მიუღია, პირიქით - ეს ევროპელმა კანონმდებლებმა აიძულეს, რომელთაც სურთ, ევროკავშირში საერთო სტანდარტი არსებობდეს. Apple-ისთვის ეს, რასაკვირველია, შემოსავლის შემცირებას ნიშნავს, რადგან კაბელების გაყიდვით კომპანიაში საკმაოდ დიდი თანხა შედიოდა.

თუმცა, ობიექტურები თუ ვიქნებით, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ USB-C-ტიპის პორტის შედარება Lightning-თან, ანუ იმ პორტთან, რომელიც Apple-ის პროდუქტებში დღეს გამოიყენება, უბრალოდ არ შეიძლება. აი, მაგალითად, თუ Lightning-ით მონაცემების გადაცემა მაქსიმუმ 480 მბ/წმ-ში სიჩქარით შეიძლება, USB-C-ის შემთხვევაში, ეს რიცხვი 40 გბ/წმ-ს უდრის, რაც ათჯერ სწრაფია. თუ Lightning-ით ერთგიგაბაიტიანი მასალის გადასაწერად 17 წუთია საჭირო, USB-C-ტიპის პორტით ამას 102 წამში შეძლებთ. იგივეა დამუხტვის შემთხვევაში. თუ iPhone-ის დამტენის მაქსიმალური სიმძლავრე 20 ვატია, ანდროიდის ტიპური დამტენის მაქსიმალური სიმძლავრე 240 ვატს შეადგენს.

როგორც ამ ეტაპზე ვიცით, ახალი პორტი ახალი თაობის ყველა iPhone-ს ექნება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მონაცემების სწრაფად გადაცემა და სწრაფი დამუხტვა მხოლოდ პრემიუმ-სეგმენტის მოდელებზე იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ორივე ზემოხსენებული სიჩქარე, ყველა ვარიანტში მაინც გაიზრდება.

ახლა კი, ახალი თაობის iPhone-ის დიზაინზე და ფუნქციონალზე გადავიდეთ. პირველი, რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ Dynamic Island-ი, რომელიც, ამ დროისთვის, მხოლოდ Pro და Pro Max მოდელებში ვხვდებოდით, ამიერიდან, სავარაუდოდ, ყველა iPhone-ში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, იცვლება სმარტფონის ფერებიც. ოქროსფერი, სავარაუდოდ, ტიტანის ნაცრისფერით ჩანაცვლდება, ხოლო სტანდარტული მოდელები შავი, მწვანე, ცისფერი, ყვითელი და ვარდისფერი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი.

მოკლედ, ესაა რაც ზოგადად ვიცით, მაგრამ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ iPhone-ის პრემიული სეგმენტის სმარტფონების შემთხვევაში. პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ისაა, რომ მოსალოდნელია, Apple-მა Pro Max-ის სერიის სმარტფონის რებრენდინგი განახორციელოს და მას - Ultra დაარქვას, როგორც ეს Apple Watch-ის შემთხვევაში მოხდა. Apple-ის ენთუზიასტებისთვის, სიტყვა “Ultra” ტიტანთან ასოცირდება, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Apple-ის ყველაზე ძვირიან სმარტფონს სწორედ ტიტანის ჩარჩო ექნება. ტიტანის ჩარჩოს გარდა, იცვლება ახალი თაობის iPhone-ის ხმის ჩართვა/გამორთვის ღილაკი, რომელიც, ამიერიდან, მართლაც ღილაკის ფორმის იქნება და არა გადამრთველის, როგორც ეს ისტორიულად იყო. ამასთან, Ultra-მოდელი უფრო გამძლე და უფრო მძლავრი იქნება და ერთი, რაც დადასტურებულად ვიცით ისაა, რომ მას 6-მაგი პერისკოპული ლინზა ექნება, რაც, სავარაუდოდ, Apple-ის შორსმჭვრეტელ კამერას ახლა მაინც მიიყვანს ინდუსტრიის სტანდარტამდე.

iPhone-ების გარდა, ცხადია, ცვლილებები იქნება Apple-ის სხვა მოწყობილობებშიც. ბაზარზე, სავარაუდოდ, ახალი თაობის Apple Watch Ultra გამოჩნდება, რომელიც ახალი, უფრო მძლავრი პროცესორით იქნება აღჭურვილი და მუქი ტიტანის ჩარჩოში მოექცევა. ამასთან, განახლდება AirPods-ის ბუდე, რომელსაც ასევე დაემატება USB-C-ტიპის პორტი.

ესაა ის, რაც ამ ეტაპზე ვიცით, დანარჩენისთვის კი Apple-ის ყოველწლიურ ღონისძიებას დაველოდოთ, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები