ამერიკული ენერგეტიკული კომპანია Radia, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტს ფლობს, განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. კომპანიას სურს, აშშ-ის ენერგეტიკული ქსელი სრულად განახლებადი წყაროებით მომარაგდეს, რაც მეტად ამბიციური მიზანია, რომლისთვისაც ინფრასტრუქტურის განვითარება ისეთ ადგილებშიც არის აუცილებელი, სადაც ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. სწორედ ასე ფიქრობენ Radia-ში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქარის ტურბინების ფრთების გადასატანად მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი შექმნას.
როგორც Radia-ში ამბობენ, ქარის ტურბინების ფრთების გადატანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რომელსაც ენერგეტიკული კომპანიები აწყდებიან, რადგან მსოფლიოში არსებული გზების უმეტესობაზე მაქსიმუმ 70-მეტრიანი ფრთის გადატანა არის შესაძლებელი. ამ პრობლემას გზების ინჟინრებიც აცნობიერებენ და საგზაო ნახაზები დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ გვირაბების, ხიდებისა და მოსახვევების გამო სახმელეთო მოძრაობა შეზღუდულია და საუკეთესო შემთხვევაშიც კი, გზაზე, შესაძლოა, 100-მეტრიანი ფრთა გადაიტანო, ისიც რამდენიმე კონკრეტულ ადგილას დედამიწაზე. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ რაც უფრო დიდია ქარის ტურბინის ფრთა, მით უფრო ეფექტიანია ის, ანუ ეს პარამეტრი მომავალში მხოლოდ გაიზრდება.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს ამერიკული Radia, რომელმაც გადაწყვიტა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი შექმნას. Radia WindRunner - ასე ჰქვია თვითმფრინავს, რომელიც იქმნება იმისთვის, რომ რამდენიმე რეკორდი ერთდროულად დაამსხვრიოს:
— თვითმფრინავის ფრთების შლილი 97.5 მეტრი იქნება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე Airbus A380-ის (80 მეტრი) და Boeing 747-8-ის (68 მეტრი) შემთხვევაში, არადა ეს ორი ყველაზე დიდი თვითმფრინავია, რომელთაც ეს კომპანიები აწარმოებენ.
— სიმაღლეში, Radia WindRunner-ი 24.4 მეტრი იქნება, ანუ მისი სიმაღლე რვასართულიანი შენობის სიმაღლის ტოლია.
— სიგრძეში ეს თვითმფრინავი 88.4 მეტრი იქნება, რაც თითქმის ოთხი მეტრით მეტია, ვიდრე Antonov An-225, იგივე Mriya, რომელიც მსოფლიოს უდიდესი თვითმფინავის წოდებას ინარჩუნებდა, მანამ, სანამ რუსეთი მას ომის დროს არ გაანადგურებდა.
— Radia WindRunner-ის ფიუზელაჟის დიამეტრი 7.9 მეტრის ტოლი იქნება, რაც Airbus-ის და Boeing-ის უდიდესი თვითმფრინავების მონაცემებს აღემატება.
— ამ თვითმფრინავის ტვირთამწეობა 635,000 კილოგრამი იქნება, ანუ 75,000 კილოგრამით მეტი, ვიდრე Airbus A380-ის და 187,300 კილოგრამით მეტი, ვიდრე Boeing 747-8-ის შემთხვევაში;
— მგზავრების გადაყვანა, მართალია, Radia WindRunner-ის დანიშნულება არ არის, მაგრამ ეს ფაქტორიც რომ დავუშვათ, გეტყვით, რომ ამ თვითმრფინავში 1,000 ადამიანი ეტევა, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე სხვაგან.
თუმცა შეიძლება გაჩნდეს კითხვა: თუ ამ თვითმფრინავით Radia ქარის ტურბინების ფრთების ტრანსპორტირებას მიუვალ ადგილებში გეგმავს, სადაც, აეროპორტი არ არის, ამხელა WindRunner-ი იქ როგორ დაფრინდება? ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია. როგორც ჩანს, Radia-ში ამ პრობლემაზეც იფიქრეს, რადგან ჩვეულებრივი თვითმფრინავებისგან განსხვავებით, WindRunner-ს ასაფრენად 1,800-მეტრიანი გზაც ჰყოფნის, თანაც სულ არ არის აუცილებელი, ის უმაღლესი სტანდარტების მიხედვით იყოს შესრულებული.
თვითმფრინავმა რომ ასე იმუშაოს ის ტექნოლოგიურად ძალიან მძლავრი უნდა იყოს. როგორც Radia WindRunner-ის ტექნიკურ მახასიათებლებში ვკითხულობთ, თვითმფრინავი ექვსი ტურბოვენტილატორიანი ძრავით იქნება აღჭურვილი და თითოეული მათგანი 450,000 ნიუტონამდე ძალას გამოიმუშავებს, რომლის დახმარებით WindRunner-ის აფრენა და ჰაერში წონასწორობის შენარჩუნება შეუძლია.
ახლა კი, ორიოდ სიტყვა თავად Radia-ზე ვთქვათ. ეს კომპანია 2016 წელს, ამერიკის შტატ კოლორადოში დაფუძნდა და მას მსოფლიოს საუკეთესო ტექნიკური უნივერსიტეტის, MIT-ის ინჟინერი, მარკ ლუნდსტრომი ხელმძღვანელობს. თავად კომპანია კერძო საკუთრებაში რჩება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორების მიერ ის $1 მილიარდად არის შეფასებული. კომპანიას ათი მრჩეველი ჰყავს, რომელთა შორის ვხედავთ, როგორც ავსტრალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მალკოლმ ტერნბულს, ასევე აშშ-ის ფედერალური საავიაციო სააგენტოს ყოფილ დირექტორს, მარიონ ბლეიკის და აშშ-ის ენერგეტიკის ყოფილ მდივანს, ერნესტ მონიცს.