მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების მწარმოებელი Universal Hydrogen-ი დაიხურა

Universal Hydrogen

გლობალური საავიაციო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სფეროა, რომელიც მუდმივ ინოვაციას და ცვლილებას განიცდის. ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელსაც ავიაციაში ბოლო დროს ხშირად განიხილავდნენ საავიაციო საწვავის ნაცვლად წყალბადის გამოყენება იყო, მაგრამ ამ ენერგიის წყარომ, როგორც ჩანს, ფეხი ჯერ ვერ მოიკიდა. ამ მიმართულებით მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანია ვითარდებოდა და ერთ-ერთი მათგანი ამერიკული Universal Hydrogen-ი იყო, რომელმაც, გასულ წელს, წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის სატესტო გამოცდა მოაწყო, მაგრამ პირველი გაფრენიდან რამდენიმე თვეში, Universal Hydrogen-ი დაიხურა, რადგან კომპანიამ კვლევისა და განვითარებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვა ვერ მოახერხა.

თვითმფრინავი, რომელიც Universal Hydrogen-მა სატესტო გაფრენისთვის გამოიყენა კანადური De Havilland-ის Dash 8-ტიპის ხომალდია, რომლის კოდური სახელწოდება “ელვა მაკქლინია”. აღნიშნული საჰაერო ხომალდი ჰიბრიდულ პლატფორმაზე მუშაობს, ანუ თვითმფრინავის ერთი ტურბინა საავიაციო საწვავზე მუშაობს, მეორე კი - წყალბადზე. საწვავად გამოყენებული წყალბადი თვითმფრინავის უკანა მხარეს, ცისტერნებში მოთავსებულ ცისტერნებში, აირის სახით ინახება. თვითმფრინავში არსებული სათბობი ელემენტის დახმარებით წყალბადი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომელიც მარჯვენა ფრთაზე არსებულ ელექტრომოტორს ამუშავებს.

Universal Hydrogen-ის დახურვას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია ავითარებდა განვითარების იმდენად ადრეულ ეტაპზე იმყოფება, რომ მისი განვითარებისთვის ძალიან დიდი ფული არის საჭირო, მაგრამ საქმე ისაა, რომ კოლოსალური ინვესტიციის მოზიდვა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებს ან ვინმეს გამოადგება. ამგვარად, სამყაროში, სადაც არაერთი მოქმედი თუ პოტენციური პოლიტიკური კრიზისი არსებობს და კაპიტალი ისტორიულად არის გაძვირებული - წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების შექმნა პირველი პრიორიტეტი არ არის.

თუმცა მაშინ, როცა ერთი კომპანია ბაზრიდან გადის, მეორე - ბაზარზე შემოდის. შესაბამისად, წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების წარმოებაში ჯერაც არაერთი კომპანია არის ჩართული, რომელთა შორის რამდენიმე ძალიან დიდ სახელსაც ვხვდებით. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ევროპული ავიამწარმოებელი Airbus-ია, რომელიც ავითარებს, როგორც წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებს, ასევე ელექტროთვითმფრინავებს. ამ ჩამონათვალში იაპონურ Toyota-საც ვხვდებით, რომელიც Joby Aviation-თან თანამშრომლობს. იაპონური კომპანია, მოგეხსენებათ, გლობალური ლიდერია, როგორც ჰიბრიდულ, ასევე წყალბადზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე, ასე რომ კონგლომერატის მიერ თვითმფრინავებით დაინტერესება უცნაური სულაც არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები