გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის ალექსანდრე რატიშვილის შეფასებით, 2022 წელი ბიზნესისთვის მეტნაკლებად დადებითი იყო, თუმცა მთავრობის მხრიდან ისეთი გაუგებარი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, რომლებიც კერძო სექტორში ბევრ კითხვას აჩენს.
ამასთან, როგორც ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წელს გადასახადების გადამხდელებისთვის დამატებითი საგადასახადო წნეხი არ შექმნილა, შესაბამისად, პოსტპანდემიური პერიოდი შეიძლება დადებითად შეფასდეს.
ალექსანდრე რატიშვილი იმასაც ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც მსხვილი ენერგო თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პასუხისმგებლობის აღებაა, საინვესტიციო მიმზიდველობის ნაწილში გაუგებარია.
„2022 წელი მეტნაკლებად დადებითი იყო და წინსვლა უკეთესობისკენ მაინც იგრძნობა, თუმცა არის ისეთი გაუგებარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესის გადასახედიდან აუხსნელია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მაგალითად მთავრობის მიერ ისეთ მსხვილი საინვესტიციო პროექტებში გააქტიურება, როგორიც ხუდონჰესი და ანაკლიის პორტია. ბიზნესის მხრიდან ეს ცოტა უცნაურად ჩანს. თუ გვინდა სერიოზული ინვესტორების მოზიდვა დიდ პროექტებში, სასურველია ეს პროექტები კერძო ინვესტიციით სრულდებოდეს. მაშინ როდესაც სერიოზული ინვესტორები ხედავს რომ პროექტი ყოფილ ინვესტორს ჩამოერთვა და მთავრობა აცხადებს, რომ მას თვითონ შეასრულებს, ეს კერძო სექტორის გადმოსახედიდან არც თუ სასიამოვნო შესახედია.
დადებითი მოვლენა ის იყო რომ ხელისუფლების მხრიდან არ იყო ისეთი სახის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზედმეტ გადასახადს შემოიღებდა. მათ შორის დადებითი მოვლენაა ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა, რადგან ბიზნესს ამ მხრივ სტაბილურობის განცდა უჩნდება და პროგნოზების გაკეთების საშუალება ეძლევა“, - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არის საკითხები, რომლებთან მიმართებით კერძო სექტორს კითხვები 2023 წელსაც ექნება.
„არის საკითხები, რომლებიც ინფლაციასთან არის დაკავშირებული, ეს მხოლოდ ბიზნესს არ ეხება, ეს ეხება მოსახლეობასაც, რადგან პროდუქტის გაძვირება ყველასთვის მტკივნეულია. ბიზნესი ნედლეულზე ფასების ზრდის გამო იძულებულია თვითღირებულების გადაანგარიშება მოახდინოს, რაც პროდუქტს აძვირებს და მის რეალიზებას ართულებს, ამაზეა მიბმული რეფინანსირების განაკვეთის საკითხი, რომელიც დღეს მაღალ ნიშნულზეა და 11%-ს შეადგენს. ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებენ, თუმცა ამას ისეთი გაუგონარი ოპტიმიზმი მოჰყვება, როგორიც ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელზე დაუბრუნდება. ინფლაციის 3%-მდე შემცირების დაჯერება ძალიან ძნელია, რადგან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ფასების ცვალებადობის მხრივ საგარეო ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული.
თუ ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა, მაშინ შეიძლება ინფლაცია შემცირდეს“, - განმარტავს რატიშვილი.