მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება“ - რატიშვილი

63bc15c79bf45
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.23 23:04
953
2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 10% იყო, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესაბამისია. გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით იყო განპირობებული. პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში იმასაც აცხადებდა, რომ ბიზნესი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში თავს მშვიდად გრძნობდა.

როგორ აფასებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები გასულ წელს და რამდენად მშვიდად გრძნობდნენ თავს ბიზნესის კეთებისას, რა საჭიროებები აქვს დღეს ადგილობრივ კომპანიებს და სად ხედავენ გამოწვევების გადაჭრის გზებს - ამ კითხვებით bm.ge-მ ერთ-ერთი ბიზნეს გაერთიანების - გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტს მიმართა და გასული წლის შეფასება სთხოვა.

ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ბიზნესის ძირითადი ნაწილი გამოცოცხლება და წინსვლას გრძნობს - ეს განწყობა გადასახადის გადამხდელთა კავშირის წევრებს შორისაა. თუმცა ის გამოწვევები, რომლებიც ბიზნესს წლების განმავლობაში ჰქონდათ კვლავ რჩება.

„ბიზნესის უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდში გამოცოცხლება და წინსვლა იგრძნობა. ის გამოწვევები, რაც წლების მანძილზე გვქონდა რჩება. ველი, რომ მთავრობის მხრიდან რეფორმების კუთხით მეტი აქტივობა იქნება. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს თუ მართლა ასეა ისეთი რეფორმების გატარებას ვისურვებდი, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას სისტემურად შეცვლის. ვითომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება. გავიდეთ რეგიონებში და ვნახოთ რა პირობებში ცხოვრობს მოსახლეობა“, - ამბობს რატიშვილი.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი რეფორმების საჭიროებას გადასახადების შემცირების მიმართულებით ხედავს. მისი აზრით, ამ ნაბიჯით ბიზნესში მეტი ფინანსური რესურსი დარჩება, რაც რეინვესტირების საშუალებას გააჩენს. დამატებითი ინვესტიციები კი განვითარების კომპანიებს, ქვეყნის ეკონომიკას და მათ შორის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ვთვლი, რომ პირველ რიგში მთავრობამ გადასახადებს ფუნდამენტურად უნდა გადახედოს და ძირითადი გადასახადების გარკვეული დოზით უნდა შემცირდეს, რათა კიდევ უფრო მეტი თანხა დარჩეს ბიზნესს, რომ თამამად მოახდინოს განვითარება და საკუთარ საქმიანობაში რეინვესტირება.
მეორე, დიდი გამოწვევა - სამუშაო ძალაზე წვდომაა. ამ მხრივ ქვეყანაში კატასტროფული, აბსურდული და პარადოქსული მდგომარეობაა. თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა გვაწუხებს, ამ დროს კი კომპანიებს მუშახელის საჭიროება აქვთ და ვერც დაბალ და ვერც მაღალ დონეზე კვალიფიციური კადრებს ვერ ვპოულობთ, რადგან კატასტროფული დეფიციტია. შეიძლება ამაზე სხვა ფაქტორები მოქმედებს, დაბალი ხელფასები და ა.შ.“ - ამბობს რატიშვილი.

კითხვაზე - სად ხედავს ბიზნესი ამ გამოწვევის გადაჭრის გზას და რამდენად დიდია ამ პროცესში ბიზნესის პასუხისმგებლობის წილი, რატიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის ნაცვლად, ბიზნესისთვის სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელი უნდა შეეწყოთ.

„სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დასაქმების პროგრამა აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია, ასე ხელოვნურად დასაქმება არ ხდება. დასაქმების პროგრამები და მორიგი ბიუროკრატიული მექანიზმები კი არ უნდა მოიგონონ, არამედ ხელი უნდა შეუწყონ კერძო ინიციატივას, რათა კომპანიებში მეტი ფული დარჩეს და ამ შემთხვევაში ისინი ინვესტიციებს არ დააყოვნებენ, აუცილებლად განვითარდებიან, რაც პირდაპირ პროპორციულია დასაქმების ადგილების შექმნასთან. ამასთან მუშახელის ნაკლებობას დაბალი ანაზღაურებაც იწვევს, რომლის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნიდან გარბის. კი, ამ პროცესში ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხიც დგას, მაგრამ ბიზნესს თუ მეტი ხელშეწყობა ექნება ამ მიმართულებით, დადებითი ნაბიჯების გადადგმაც არ დააყოვნებს“, - განმარტა გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები