მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იყო გასული თვე საფონდო ბირჟისა და უმსხვილესი კომპანიებისათვის?

ბირჟა

გასული აგვისტო გლობალური საფონდო ბირჟისა და უმსხვილესი კომპანიებისთვის გამორჩეულად პოზიტიური იყო, რადგან S&P 500-ის შეფასება 3.5%-ით, Nasdaq-ის ინდექსი თითქმის 4%-ით, ხოლო Dow Jones-ის შეფასება საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ განვლილი აგვისტო მიმდინარე წლის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იყო.

პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა ევროპის რეგიონშიც, სადაც Stoxx 600-ის ინდექსი 3%-ით გაიზარდა. ჩინური Shanghai Composite-ის შეფასება 9%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონურ Nikkei-ს 3.5%-იანი მატება ჰქონდა.

უმსხვილეს კომპანიებს რაც შეეხებათ, მათი აქციების შეფასება გასული თვის განმავლობაში ასე შეიცვალა:

1. NVIDIA: +0.3%
2. Microsoft: -3.3%
3. Apple: +14.7%
4. Google: +12.4%
5. Amazon: +6.6%
6. Meta: -1.5%
7. Saudi Aramco: -1.5%
8. Broadcom: +3.1%
9. TSMC: +2.2%
10. Berkshire: +6.4%
11. Tesla: +10.3%
12. JPMorgan: +4.2%
13. Walmart: -1.5%
14. Tencent: +13.1%
15. Visa: +3.7%

რაც შეეხება კრიპტობირჟას, ბიტკოინის ფასი გასული თვის განმავლობაში 4.3%-ით შემცირდა, თუმცა ეთერიუმს თითქმის 24%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც ორ უმსხვილეს კრიპტოაქტივს შორის დაფიქსირებული ყველაზე დიდი აცდენაა მიმდინარე წელს. ბიტკოინის სტაგნაციის მიუხედავად, ბაზარი აღმავალი იყო და ზოგიერთ პროექტს გამორჩეულად კარგი შედეგიც ჰქონდა.

ძვირფასი მეტალების ბაზარიც გასული თვის განმავლობაში აღმასვლისაკენ იყო მიმართული, რადგან ოქრო 3%-ით გაძვირდა და მისი ფასი რეკორდულ ნიშნულსაც კი მიუახლოვდა. რაც შეეხება ვერცხლს, ის 8.5%-ით არის გაზრდილი და მისი ფასი ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმზე იმყოფება.

ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება, რადგან ნავთობი 2%-ით არის გაიაფებული, ხოლო გაზის ფასი საშუალოდ 6%-ითაა შემცირებული.

საერთო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული აგვისტო გლობალური ბაზრისთვის გამორჩეულად კარგი თვე იყო, რაც სატარიფო რისკების შემცირებით, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან რიტორიკის შემსუბუქებით და უმსხვილესი კომპანიების მიერ დაფიქსირებული რეკორდული ფინანსური შედეგებით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები