2023 წლის აგვისტოს განმავლობაში საქართველოს ტურიზმის შემოსავალმა 550 მილიონი დოლარი შეადგინა - ასეთ შეფასებას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart აქვეყნებს. წლიურ ჭრილში აგვისტოში შემოსავლები მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. ჯამურად, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2023 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 34.7%-იან ზრდას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2023 წლიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტატისტიკის გამჭვირვალეობა გააუარესა და თუკი აქამდე ვიზიტორთა ყოველთვიური რაოდენობის სტატისტიკა ქვეყნდებოდა, ამჟამად მხოლოდ კვარტალური რიცხვები ხდება ცნობილი. შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია რამდენი მილიონი ვიზიტორი ჰყავდა საქართველოს ტურისტული სეზონის პიკში.
თუ პირველი ორი კვარტლის შედეგებით სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ მესამე კვარტალში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა. როგორც ირკვევა, განსაკუთრებით ზრდა ჰქონდათ სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებს, ნაკლები იყო დატვირთვა შავი ზღვისპირა საკურორტო ზონებში, რასაც ასოციაცია შავი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირებს.
სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი