ფინანსური ინდუსტრიის შვეიცარიულმა გიგანტმა, UBS-მა ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. 2025 წლის მე-4 კვარტალში კომპანიის შემოსავლებმა $12.1 მილიარდი შეადგინა, რაც ზუსტად შეესაბამება ანალიტიკოსების მოლოდინებს და ნახევარი მილიარდით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ შედეგს, $11.6 მილიარდს.
აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით და $1.2 მილიარდი შეადგინა, რაც 56%-ით აჭარბებს 2024 წლის მე-4 კვარტალის შედეგს და საგრძნობლად უკეთესი შედეგია, ვიდრე უოლ სტრიტის ექსპერტების მიერ ნავარაუდები $919 მილიონი.
როგორც ფინანსურ ინსტიტუტში განმარტავენ, ამ ზრდის მიზეზი მისდამი ნდობის გაზრდა და წარმატებული საქმიანობა აღმოჩნდა როგორც ევროპაში, ისე აზიაში. შეგახსენებთ, სწორედ ბოლო 3 თვეში მიაღწია UBS-ის მიერ მართული აქტივების მოცულობამ $7 ტრილიონს. ამ დადებითი შედეგის ფონზე, ფინანსურმა ინსტიტუტმა $3 მილიარდის აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტა, რამაც ინვესტორების კმაყოფილება გამოიწვია.
UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერხიო ერმოტი ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახლა ფინანსური გიგანტისთვის მთავარი გამოწვევა შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაპირისპირებაა, რამაც ფისკალურ 2025 წელს კომპანიიდან $14 მილიარდის აქტივების გადინება განაპირობა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც UBS-ის ხელმძღვანელი საუბრობს, ეს შვეიცარიული ხელისუფლების გამკაცრებული პოლიტიკაა, რაც ფინანსურ ინსტიტუტს ოფიციალური მისამართისა და სათავო ოფისის ქვეყნის მიღმა გადატანისკენ უბიძგებს. საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ფინანსურ ინსტიტუტს ძირითადი კაპიტალის სახით, დამატებით $26 მილიარდის მობილიზება მოუწევს. ინვესტორები შიშობენ, რომ UBS-ი ამ ცვლილების განხორციელებას შეცვლილი კანონმდებლობის ამოქმედებამდე ვერ მოასწრებს და ეს შიში ფინანსური ინსტიტუტის აქციების ფასზეც აისახა, სადაც 6%-იანი კლება ფიქსირდება. ამჟამად ერთი აქცია ₣34.78 ფრანკად, ანუ, საშუალოდ, $45 დოლარად ივაჭრება. UBS-ის კაპიტალიზაცია კი ამჟამად $141.33 მილიარდია.




























