მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი სტრატეგია აქვს ტრამპს BRICS-ის წინააღმდეგ?

BRICS
BM. GE
01.08.25 00:36
816

საპრეზიდენტო არჩევნების მეორედ მოგების შემდეგ დონალდ ტრამპმა ამერიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად BRICS-ის არსებობა და ის საფრთხე დაასახელა, რომელიც ამ გაერთიანებიდან მოდიოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც BRICS-ის მიზნების გასანეიტრალებლად პრეზიდენტმა გადადგა, დამფუძნებელი წევრების, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების მუქარა იყო.

ამ ინიციატივას ტრამპი ხორცს შეასხამდა, თუ ქვეყნები ამერიკული დოლარის გამოყენებაზე უარს იტყოდნენ და ალტერნატიული ვალუტის გამოყენებას შეეცდებოდნენ. ჯერჯერობით, ამერიკის პრეზიდენტის ტაქტიკა მუშაობს და BRICS-ის ალტერნატიული ვალუტაც არ გვიხილავს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით მომავალში, კვლავ რთული სათქმელია.

BRICS-ის მხოლოდ დამფუძნებელი დიდი ქვეყნების გაერთიანება, ცხადია, არ არის. მასთან ბევრი ქვეყანა თანამშრომლობს, მათ შორის, ამერიკის ახლო მოკავშირე საუდის არაბეთი. ბუნებრივია, არსებობს საფრთხეც, რომ მცირე და დიდი ზომის მოკავშირე თუ არამოკავშირე ქვეყნებმა BRICS-თან დაახლოებით საფრთხე შტატების ინტერესებს შეუქმნან. სწორედ ამიტომ, ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც BRICS-ის ანტი-ამერიკულ პოლიტიკას შეუერთდება 10%-იანი ტარიფების ქვეშ მოექცევა.

BRICS-თან ბრძოლის კიდევ ერთი ტაქტიკა ძლიერი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებაა. ამ კუთხით, ტრამპს სატარიფო ომი უკვე რამდენიმე თვეა გამოცხადებული აქვს და ამერიკისთვის სასარგებლო გარიგებებსაც ყოველკვირეულად დებს. მსგავსი მიდგომის ერთ-ერთი მიზანი უცხოური მსხვილი მწარმოებლების მიერ BRICS-ის ქვეყნებში არსებული ქარხნების ამერიკაში გადატანაა. ამით ისინი კაპიტალს კარგავენ, ამერიკა კი მტრულ გაერთიანებაზე დამოკიდებულებას ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები