მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ლევან ვეფხვაძის რჩევა

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს სამედიცინო სექტორთან. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, თუმცა უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შეფასებისგან თავი შეიკავა ერთადერთი მოტივით - ფიქრობს, რომ ექს-მინისტრზე საუბარი კორექტული არაა.

თავად პრემიერ-მინისტრს კი, დღეს მედიასთან საუბრისას არ დაუმალავს, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ზურაბ აზარაშვილის მართვის სტილში ხარვეზები დაინახა, ასევე, არ მოსწონდა მინისტრის კომუნიკაციის ხარისხი სამედიცინო საზოგადოებასთან, რომელიც უკმაყოფილო იყო. „რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

- ბატონო ლევან, იზიარებთ პრემიერის შეფასებას ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის მიმართ?

- მე არ წარმოვადგენ ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც თანამდებობიდან გაშვებულ ადამიანზე ისაუბრებს, რადგან ალბათ არ იქნება კორექტული; ვფიქრობ, პრემიერმა ამ საკითხზე, ყველაფერი თქვა და მოდით, ამ საკითხს დავუსვათ წერტილი. თუ შეცდომებია გასაანალიზებელი, ამის დრო და საშუალება იქნება და დარწმუნებული ვარ, ამაზე მსჯელობის დროც გვექნება.

- რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი არ იყო ერთადერთი პრობლემური თემა; ძალიან ბევრი რეგულაცია შემოდის თუ შემოვიდა ჯანდაცვის სისტემაში - იქნება ეს DRG მოდელის დანერგვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე კლინიკები ემზადებიან საერთაშორისო აკრედიტაციისთვის 2025 წლისთვის, ცალკე საკითხია ფარმაცევტულ ბიზნესსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარე „საინფორმაციო ომი“ - ამ ვითარებაში როგორი ხელი თუ თავი სჭირდება დღეს ჯანდაცვის სამინისტროს?

- არამარტო ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ #1, რაც ყველას სჭირდება, ეს არის მეტი კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ კომპეტენცია და გამოცდილება. მე პირადად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის დეფიციტი არასდროს მქონია, მაგრამ სულ ვეუბნებოდი და ვუმეორებდი, რომ ჩემთან პერსონალური კომუნიკაცია არ ნიშნავს სექტორთან კომუნიკაციას, რადგან მე შემიძლია გესაუბროთ ენერგეტიკაზე, მაგრამ არ ვარ იმ კომპეტენციის ადამიანი, რომ დეტალებში მოგახსენოთ ჯანდაცვის ბიზნესის პოზიცია იმ თემებზე, რომელიც თქვენ კითხვაში ახსენეთ და რაზედაც, როგორც ვიცით, სამინისტროსა და სამედიცინო სექტორს შორის ცხარე დებატები მიდიოდა. ამდენად, ვისურვებდი მართვის ისეთ სტილს, რომელიც პროფესიონალიზმზე, კონსესუსსა და საღ აზრზე იქნება დაფუძნებული.

- როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი?

- ახალი მინისტრი უნდა იყოს გახსნილი და მარტივად ავხსნი, რას ვგულისხმობ - ჩვენ ხშირად ვახსენებთ ჯადოსნურ სიტყვას - RIA ანუ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი. RIA-ს მომზადებისა მთავარი პროცესი, როცა ისმენ განსხვავებულ აზრებს, რადგან ნებისმიერ რეფორმას, გადაწყვეტილებას აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. ამიტომ ჩვენი რჩევაა, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ ნებისმიერი რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. ეს არის ჩვენი რჩევა ყველა მინისტრის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები