მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ზრდით დაასრულეს 2023 წელი რეგიონის ქვეყნებმა

აზერბაიჯანი ბაქო

სომხეთი - 9.4%-იანი ზრდა

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის წინასწარი თანახმად, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.4%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი პირდაპირ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არაა და მას ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორი ეწოდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით კი 2023 წელს სომხეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.

30 იანვარს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 8.75%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანაში მკვეთრად შემცირებულმა ინფლაციამ განაპირობა, რადგანაც დეკემბერში სომხეთში ინფლაციის ნაცვლად 0.6 პროცენტის დეფლაცია დაფიქსირდა. IMF-ის პროგნოზით, 2024 წელს სომხეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

აზერბაიჯანი - 1.1%-იანი ზრდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მიმდინარე ფასებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ 123 მილიარდ მანათს მიაღწია, ხოლო ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპი 1.1% იყო. ეს უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანში 2.4%-იან ზრდას მოელოდა, 2024 წლის ზრდის პროგნოზი კი 2.3%-ს შეადგენს.

აზერბაიჯანის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს აზერბაიჯანის არა-სანავთობო სექტორის ზრდამ 3.7% შეადგინა.

რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წელს აზერბაიჯანში 8.8%-იანი ინფლაცია იყო. ამის მიუხედავად, 2024 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ის 8%-დან 7.75%-მდე დაწია.

თურქეთი - 4%-იანი ზრდა (პროგნოზი)

თურქეთის სტატისტიკის სამსახურს 2023 წლის სრული შედეგები ჯერჯერობით გამოქვყნებული არ აქვს, თუმცა მისი მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ზრდა 4% იყო, მეორე კვარტალში 3.9%, ხოლო მესამე კვარტალში კი ზრდამ 5.9% შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-ს შეადგენდა, ხოლო 2025-ში კი ქვეყნის ეკონომიკა 3.2%-ით უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება ინფლაციას, თურქეთში დეკემბერში 64.8%-იანი ინფლაცია იყო, რაც ნოემბერთან შედარებით 3.8%-ით მეტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 25 იანვარს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-დან 45%-მდე გაზარდა.

IMF-ის პროგნოზით, 2024 წელს თურქეთში ინფლაციის მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არაა და ის საშუალოდ 61% იქნება.

საქართველო - 7%-იანი ზრდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 8% იყო, მეორეში 7.8%, მესამეში 5.7%, ხოლო მეოთხეში 6.8%.

ამასთან, შემცირდა ინფლაციის ტემპი და მან დეკემბერში 0.4% შეადგინა, აღნიშნულიდან გამომდინარე სებ-მა 2024 წლის 31 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შეამცირა.

2024 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები