სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბერში ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორმა 5.3% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთში სექტემბრის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება (ინფლაცია) 0.1% იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 31 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, სექტემბერში სომხეთის სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის 654 მილიონი დოლარი ექსპორტი, 946 მილიონი დოლარი კი იმპორტი იყო. წლიურ ჭრილში სომხეთის ექსპორტი 10%-ით, ხოლო იმპორტი 6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 100.9 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა, ხოლო არა-სანავთობო სექტორში ზრდამ 3.1% შეადგინა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 9,938 მანათი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.
ამ დროისთვის საჯაროა თურქეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ ორი კვარტალის შედეგები, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში ზრდამ 3.8% შეადგინა.
ამასთან, თურქეთში ოქტომბერში ინფლაციის დონემ 61.36% შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით შემცირებას წარმოადგენს, რადგანაც სექტემბერში ოფიციალური ინფლაცია 61.53% იყო.
ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონე სექტემბერში 9.1%-მდე შემცირდა. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში კერძო სექტორის ბრუნვა 4%-ით გაიზარდა.