სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე განმარტავს მიზანს, რის გამოც, ცალკეული პროგრამების ნაცვლად, აგროდაფინანსების ერთიანი პროგრამა იქმნება. პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იგი მაგალითად სექტორისთვის ნაცნობ პროგრამას "დანერგე მომავალს" იშველიებს.
"ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს პროგრამას "დანერგე მომავალი", რომელმაც ძალიან კარგი შედეგები დადო და მის ძირითად პრინციპებს ახლაც, ცხადია, ვითვალისწინებთ. უბრალოდ იმ პროგრამის ფარგლებში ერთი პროექტის შესაკრავად აუცილებელი კომპონენტები - მაგალითად: სარწყავი სისტემა, ნერგები, სეტყვის საწინააღმდეგო დამცავი სისტემები და სხვა - დაფინანსების გარკვეული ლიმიტებითა და გარკვეული წესებით სარგებლობდა.
ახლა ლაპარაკი გვაქვს უკვე იმაზე, რომ დასაფინანსებელ საგნად გამოდის ერთი მთლიანი პროექტი, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი ყველა თანამედროვე კომპონენტით, რაც მანამდე არსებობდა. ეს ყველაფერი დაფინანსების ერთ, ერთმნიშვნელოვან სქემაში მოექცევა", - განმარტავს ლაშა დოლიძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, შეიცვლება და გამარტივდება ბენეფიციართა დაფინანსების სტრუქტურაც. საბიუჯეტო პროცესი რეგულარულად ჩატარდება და განახლდება იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანი პროექტის ფარგლებში შემავალი კონკრეტული ელემენტების ღირებულება დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს.
"ცხადია, გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რომ ბიუჯეტი ერთი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ყველა ამ კონკრეტული ელემენტების დაფინანსებას, დროთა განმავლობაში შეიცვლება, მოხდება რეგულარული განახლება და ერთი თანადაფინანსების პროცენტით ბენეფიციარი მიიღებს თავისთვის კუთვნილ თანხას. ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანების მიღწევა სწორედ ამ გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სისტემით იქნება შესაძლებელი. ეს თავის მხრივ მონიტორინგისა და ანალიზის, შეფასების სისტემების გაძლიერებას მოიცავს", - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.
ცნობისთვის, 23 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროსექტორის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. მთავარი სიახლე სოფლის მეურნეობაში დაფინანსების მექანიზმების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.
როგორც უწყების ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი აცხადებს, მართალია, არსებული აგროდაფინანსების პროექტების ნაწილი ძალაში რჩება, თუმცა იცვლება მიდგომა - ცალკეული კომპონენტების ნაცვლად, ამიერიდან დაფინანსდება ერთიანი, სრულყოფილი პროექტები. აღნიშნულს სოფლის განვითარების სააგენტო უკვე არსებული ბიუჯეტით უზრუნველყოფს.




























