ბრიტანულმა Aston Martin-მა ახალი თაობის ფლაგმანური გრანდ-კუპე - Vanquish წარადგინა, რომელიც 12-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი.
ჯეიმს ბონდის საყვარელი ავტომობილი ისევ ისეთი ელეგანტური, დახვეწილი და სპორტულია, როგორიც ეს Aston Martin-ის ლეგენდარულ ბრენდს შეეფერება. ტრადიციულ ფორმებთან და კლასიკურ პროპორციებთან ერთად, Vanquish-ს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოარჩევს, რაზედაც მისი განახლებული ინტერიერი მიუთითებს.
რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მხარს, მას 5.2 ლიტრის მოცულობის V12-ის ტიპის ტურბირებული ძრავა აქვს, რომელიც 824 ცხენის ძალის სიმძლავრეს და კოლოსალური, 1,000 Nm-ის მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს, რაც Super GT-ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.2 წამში უზრუნველყოფს. როგორც სუპერ კატეგორიის სახმელეთო იახტას შეეფერება, Vanquish-ის მაქსიმალური სიჩქარე 345 კმ/სთ-ს აღწევს, რაც მას Aston Martin-ის ისტორიაში ერთ-ერთ უსწრაფეს ავტომობილად აქცევს. ბუნებრივია, ახალ ავტომობილში უმაღლესი ხარისხის მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ფუნქციონალს ვხედავთ.
როგორც ბრიტანულ კომპანიაში აღნიშნავენ, ახალი თაობის Vanquish-ის წარმოება მინიმუმ 2030 წლამდე გაგრძელდება, რაც 12-ცილინდრიანი ავტომობილისათვის შესანიშნავი შედეგია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Ferrari-ს ახალ ჰიპერქარში, F80-ში V6-ს ვხედავთ.
Ferrari-ს ხსენებაზე ისიც უნდა ვთქვათ, რომ Vanquish-ის მთავარი კონკურენტი სწორედ იტალიური 12Cilindri-ია, რომელსაც ასევე 12-ცილინდრიანი აგრეგატი აქვს. ეს ავტომობილები ერთმანეთს ჰგვანან როგორც პროპორციებით, ასევე სიმძლავრით, შესაძლებლობებით, საწარმოო მასალების ხარისხითა და ფასით, რადგან ორივე მათგანი ნახევარი მილიონი დოლარის ფარგლებშია. მაღალი ფასიდან გამომდინარე, Aston Martin-ში წლიურად 1,000 ერთეული Vanquish-ის წარმოებას გეგმავენ და საწყის ეტაპზე, მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ მის შეძენას, რომელთაც კომპანიის მხრიდან სპეციალური მიწვევა მიუვიდათ, რაც სუპერქარების სამყაროში სტანდარტული პრაქტიკაა.
Vanquish-ის სიგრძე 4.85 მეტრს, სიგანე კი 2 მეტრს აჭარბებს, რაც მას Mercedes E-Class-ის სიგრძის ავტომობილად აქცევს, ანუ Aston Martin-ის ორკარიანი კუპე საკმაოდ დიდი ზომისა და წონისაა.
ბუნებრივია, Vanquish-ის ტექნოლოგიურ არსენალში შეხვდებით ფაქტობრივად ყველაფერს, რაც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ნახევარმილიონიანი ავტომობილისგან სხვას არც არაფერს უნდა ველოდეთ.