23 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ონლაინ სიტყვით აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიმართავს. ფორუმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველი გლობალური ღონისძიება იქნება, სადაც მონაწილეობას.
20-25 იანვარს შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფორუმს 3 ათასი მონაწილე ესწრება, თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ის უთხრეს, ფორუმზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა და გასული წლებისგან განსხვავებით, მთავრობის მეთაური დავოსში წარმოდგენილი არ არის. თუმცა, "ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ფორუმზე მონაწილეობა მათი პრიორიტეტი არ იყო.
ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი და სხვა ლიდერები.
როგორც CNBC წერს, ტრამპისა და მისი პოლიტიკის გავლენაზე ბაზრებსა და ბიზნესებზე უკვე იყო საუბარი ფორუმის ფარგლებში მათ შორის, იმაზე, რომ ტარიფების ზრდა გაამწვავებს ინფლაციას, რაც საფრთხეს შეუქმნის ფინანსურ ბაზრებს.
გუშინ, 21 იანვარს, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას მხარი დაუჭირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, რომ NATO-ს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკიმ ევროპელებს ასევე მოუწოდა იყიდონ ამერიკული გაზი და მიაღწიონ ნამდვილ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
"არ შეიძლება მოსკოვიდან გაზის ყიდვა გავაგრძელოთ მაშინ, როცა ამერიკელებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ველოდებით. ეს უბრალოდ არასწორია", - თქვა ზელენსკიმ.