მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ეკონომიკური კავშირები ტაჯიკეთთან, სადაც ავტომობილების რეექსპორტი 400%-ზე მეტად გაიზარდა

ავტომობილები

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია შეიქმნება. მთავრობის 19 მარტის განკარგულებით, გაიმართება მოლაპარაკებები, ნოტების გაცვლის გზით, „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის დაფუძნების შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

გთავაზობთ საქართველო-ტაჯიკეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ მონაცემებს, სადაც ყველაზე მოცულობითი ავტომობილების რეექსპორტია.

ვაჭრობა

გასულ წელს ტაჯიკეთთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდული იყო და 180 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 37 მლნ დოლარი იყო, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა.

გასულ წელს 431%-ით 180.6 მილიონ დოლარამდე გაზრდილი ექსპორტით ტაჯიკეთმა, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეათე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურების მიუხედავად, 2023-2024 წლებში ტაჯიკეთში საქონლის ექსპორტი არაფრით გამოირჩეოდა. 2025 წელს კი ამ მიმართულებით გადაზიდვების 90% სწორედ ავტომობილების ექსპორტზე მოდიოდა, რამაც ექსპორტის ზრდა განაპირობა. ანუ გასულ წელს სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთში 162 მილიონ 289 ათასი დოლარის ღირებულების 7 592 ავტომობილი გავყიდეთ, რაც 6.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

საქმე ის არის, რომ ტაჯიკეთში მანქანების ექსპორტი წინა წლებშიც იყო, თუმცა სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, გადაზიდვები სტაბილური იყო. წელს კი მკვეთრად, 568%-ით გაიზარდა.

დანარჩენი საქონლის წილი, რაც ტაჯიკეთში გავყიდეთ მცირე იყო. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $162.2 მლნ, 7 592 ცალი;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.8 მლნ, 165 ტონა;
  3. ციანიდები - $2.8 მლნ, 1 045 ტონა;
  4. ლიმონათები - $1.3 მლნ, 934 344 ლიტრი;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები - $1.3 მლნ, 1 333 231 ლიტრი;
  6. სხვა ადგილას დაუსახელებელი კვების პროდუქტები - $1.2 მლნ, 167 ტონა;
  7. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.2 მლნ, 12 ცალი;
  8. ბანანები - $1.1 მლნ, 1 283 ტონა;
  9. ეთილის სპირტი - $670 ათასი, 18 362 ლიტრი;
  10. მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - $398 ათასი, 89 ტონა;

რაც შეეხება იმპორტს, ტაჯიკეთიდან საქართველო მინიმალური ღირებულების საქონელს ყიდულობს. 2025 წელს იმპორტის ღირებულებამ 996 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობით თხილის და სხვა კაკალი ვიყიდეთ 778 ათასი დოლარის, ასევე მეორეული ტანსაცმელი 103 ათასი დოლარის ღირებულების, სამკურნალო დაფასოებული საშუალებები კი 42 ათასი დოლარის.

2026 წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა 15.5 მლნ დოლარია, რაც უმეტესად (12.6 მლნ დოლარი) ავტომობილების რეექსპორტია.

ტურიზმი

ტაჯიკეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი, 6 361 ვიზიტი 2023 წელს აღირიცხა. გასულ წელს ვიზიტები 4 704-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს 6 141 იყო.

ფულადი გზავნილები

ტაჯიკეთიდან ფულადი გზავნილები მცირე მოცულობისაა და საქართველოს მთლიან გზავნილებში 0.5%-ზე ნაკლები წილი აქვს. საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ტაჯიკეთიდან 2022 წელს შემოვიდა და 32 მლნ დოლარი იყო, 2023 წელს კი 17 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2024-2025 წლებში გზავნილები 9 მილიონთან ახლოს იყო.

ტაჯიკეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები