მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ეკონომიკური კავშირი UAE-სთან, სადაც კობახიძე მთავრობასთან ერთად შეხვედრებს მართავს?

eua

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

13–15 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტი. ირაკლი კობახიძე საამიროებში საკუთარი კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება.

BM.GE დაინტერესდა, როგორია სავაჭრო ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და საამიროებს შორის.

ვაჭრობა

2025 წლის 11 თვეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სავაჭრო ბრუნვა 8.4%-ით 359.7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან, ძირითადი წილი 309 მილიონი იმპორტზე მოდის, რომელიც 5.6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს 29.4%-ით 50.5 მილიონამდე გაიზარდა.

2025 წლის 11 თვეში TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 11.8 მლნ აშშ დოლარი;
  2. ნახატები და სურათები - 10.6 მლნ აშშ დოლარი;
  3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 6.4 მლნ აშშ დოლარი;
  4. სიგარები და სიგარეტები - 2.6 მლნ აშშ დოლარი;
  5. თხილი და სხვა კაკალი - 2.4 მლნ აშშ დოლარი.

2025 წლის 11 თვეში TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი:

  1. სატელეფონო აპარატები - 147.4 მლნ აშშ დოლარი;
  2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 18.3 მლნ აშშ დოლარი;
  3. მსუბუქი ავტომობილები - 16.8 მლნ აშშ დოლარი;
  4. რკინის კონცენტრატი - 9.6 მლნ აშშ დოლარი;
  5. მიკროფონები - 8.3 მლნ აშშ დოლარი.

ინვესტიციები

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირველი FDI 2003 წელს შემოვიდა. არაბულმა ინვესტიციებმა საქართველოს FDI-ში პიკს 2008 წელს მიაღწია, რა დროსაც 306.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამის შემდეგ წლიდან წლამდე მოცულობები არაერთგვაროვანი იყო. 2024 წელს მაჩვენებელმა 36.1 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი 47.5 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლის ჭრილში 62.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 5 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. კომპანია, როგორც ამის შესახებ გასული წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. როგორც "ოცნების" მთავრობისგან ითქვა, ინვესტიციას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება.

ტურიზმი

2025 წლის სამ კვარტალში საამიროებიდან საქართველოში 12 137 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 0.6%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურიზმი დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2023 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 636 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული იყო და აჭარბებდა პანდემიამდელ პერიოდს. 2024 წელს კი ვიზიტების რაოდენობა 14 889-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები