საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული მონაცემებით, 2026 წლისთვის G20-ის წევრ სახელმწიფოებში ფასების ზრდის ტემპის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ა
რსებული ინფორმაციით, ანტი-რეიტინგის სათავეში კვლავ არგენტინა და თურქეთი იმყოფებიან. ორნიშნა ინფლაციის მქონე ამ ორ ქვეყანაში მაჩვენებელი, შესაბამისად, 30.4% და 28.6% იქნება, რაც ჯგუფის სხვა წევრების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.
რეიტინგში მესამე პოზიციას რუსეთი იკავებს 5.6%-იანი პროგნოზით, ხოლო ინდოეთში ფასების წლიური ზრდა 4.7%-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მაჩვენებლები შედარებით სტაბილურია. აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია თანაბარ, 3.2%-იან ნიშნულზეა პროგნოზირებული, რაც მცირედით აღემატება დასახელებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ განსაზღვრულ 2%-იან სამიზნე ორიენტირს. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 2.7%-ს, იტალიაში 2.6%-ს, კანადასა და სამხრეთ კორეაში 2.5%-ს, იაპონიაში 2.2%-ს, ხოლო საფრანგეთში 1.8%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეიტინგის ბოლო პოზიციაზე ჩინეთია, სადაც ინფლაციის დონე 1.2%-ით არის განსაზღვრული. ექსპერტთა შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკაში არსებული დაბალი მაჩვენებელი არა მონეტარული პოლიტიკის წარმატებაზე, არამედ სუსტ შიდა მოთხოვნასა და უძრავი ქონების სექტორში არსებულ ხანგრძლივ კრიზისზე მიუთითებს.
პარალელურად, რეიტინგის ლიდერ ორ ქვეყანაში მკაცრი სტაბილიზაციის პოლიტიკის შედეგად პოზიტიური დინამიკა მაინც შეიმჩნევა. თურქეთში ინფლაცია 2024 წლის 58.5%-იანი და 2025 წლის 34.9%-იანი ნიშნულებიდან მიმდინარე პერიოდისთვის 28.6%-მდე შემცირდა, ხოლო არგენტინამ 2024 წლის 219.9%-იანი მაჩვენებლის შემდეგ ფასების ზრდის ტემპის 30.4%-მდე კლება აჩვენა.




























