მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კავკასიის ქვეყნების საინვესტიციო გარემო?

6315087e28beb
ეგნატე შამუგია
05.09.22 17:36
2531
უცხოურ ინვესტიციებს მიმღები ქვეყნის ეკონომიკისთვის უამრავი განზომილება გააჩნია, რაც საბოლოოდ ამავე ქვეყნის მაცხოვრებელთა კეთილდღეობაზე აისახება. რიგი განვითარებადი ეკონომიკისთვის მოკლევადიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების და დასაქმების თვალსაჩინო წყაროა, რომლის სარგებელი გრძელვადიან პერიოდში უფრო მასშტაბურია. განვითარებული ეკონომიკიდან კაპიტალს თან ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი ახლავს, რაც მასპინძელი ქვეყნის წარმოების პროდუქტიულობის ზრდის საწინდარია. ეს უკანასკნელი კი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის აუცილებელი ფაქტორია. ამდენად, განვითარებადი ეკონომიკებისთვის უცხოური კაპიტალის როლი განსაკუთრებულია.
 
უცხოური კაპიტალის არსებითი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკის რიგებში კავკასიის ქვეყნებია, კერძოდ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებსაც მსგავსი პოლიტიკურ-ეკონომიკური წარსული გააჩნიათ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ღიაობა სულ რაღაც სამ ათწლეულს ითვლის. თუმცა, საბაზრო ეკონომიკისთვის ფუნდამენტური ინსტიტუციური გარემო სამივე ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ასეთი ინსტიტუტები კი კერძო საკუთრება და მისი დაცვის გარანტიები, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური სტაბილურობაა. სწორედ ჩამოთვლილთა ხარისხის განსაზღვრავს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ინვესტორისთვის უპირველესი აუცილებლობა მისი ინვესტიციის უსაფრთხოებაა, შემდეგ კი, თუ როგორ და რამდენით დაიბეგრება მისი სამეწარმეო საქმიანობა. ინვესტიციისთვის საჭირო უსაფრთხოება ინსტიტუციური ხარისხის და პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში არსებობს. აღნიშნული აუცილებელი და საკვანძო პირობაა, მაგრამ საინვესტიციო გარემოს უამრავი სხვა ფაქტორი ქმნის. მაგალითად, ბაზრის ზომა, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა, რეგულირების ხარისხი და ა.შ. ამ შემთხვევაში, რაც უფრო დერეგულირებულია სამეწარმეო საქმიანობა, ასეთი ეკონომიკა მით უფრო მეტად მიმზიდველია უცხოური კაპიტალისთვის.

ფიგურა 1: ინსტიტუციური განვითარება, -2.5 – 2.5 შუალედში (საშუალო)
წყარო: მსოფლიო მასშტაბით მმართველობითი ინდიკატორები

რეგულირების კუთხით რეგიონიდან მოწინავე საქართველოა, სადაც მარეგულირებელი ჩარჩოს და მისი ხარისხის არსებითად გაუმჯობესებულია. მმართველობით ინდიკატორების მიხედვით, ბოლო ათწლეულში რეგულირების ხარისხი საშუალოდ 0.94 ქულით შემოიფარგლება, რაც 2001-10 წლებში საშუალოდ - 0.11 ქულა იყო. 2011-20 წლებში სომხეთში ეს მაჩვენებელი 0.27 ქულაა, რაც წინა ათწლეულში 0.18-იან ნიშნულზე იყო. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი - 0.30 ქულაა. ამდენად, საქართველოს პროგრესი რეგულირების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მკვეთრად თვალსაჩინოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი აღნიშნულის აღსრულება - ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოა.

ამ მხრივ პროგრესი მიზერულია და სამივე ქვეყანაში მდგომარეობა მეტად არასახარბიელო რჩება. მაგალითად, სამართლის უზენაესობა, რომელიც სტაბილურ და ცხად წესებს, დაცულ კერძო საკუთრებას, ხელშეკრულების აღსრულებას და ეფექტურ სასამართლოს გულისხმობს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ კვლავ კრიტიკულ ნიშნულზეა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის. 2011-20 წლებში საქართველოს სამართლის უზენაესობის ქულა 0.19-ია, რაც სომხეთის შემთხვევაში უარყოფით ნიშნულზე - 0.26-ია. გაცილებით უარესი სურათია აზერბაიჯანის შემთხვევაში, სადაც 2011-20 წლებში სამართლის უზენაესობის ხარისხი საშუალოდ - 0.67 ქულაა, რაც 2001-10 წლებში საშუალოდ - 0.89 ქულა იყო.

ფიგურა 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა (%, საშუალო)
წყარო: გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია

მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციური განვითარების კუთხით, აზერბაიჯანის მდგომარეობა რეგიონიდან ყველაზე მეტად არასახარბიელოა, ეს ქვეყანა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენის ადრეულ წლებში უცხოური კაპიტალისთვის შედარებით მიმზიდველი იყო. მიზეზი ბუნებრივი რესურსები - ნავთობი და გაზია, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანის ეკონომიკის 1/3-ს აჭარბებს. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში, 1992-2000 წლებში აზერბაიჯანის მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 10.9% იყო, რაც 2001-10 წლებში 11.0%-მდე გაზარდა. თუმცა, ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი 4.8%-მდეა შემცირებული. ამ პერიოდში, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 8.3%-ია, რაც 2001-10 წლებში საშუალოდ 8.7% იყო. უფრო ადრე, 1992-2000 წლებში უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 3.5% იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველ ორ ათწლეულში აზერბაიჯანში ინვესტიციების მაღალი ნაკადები საქართველოზეც დადებითად აისახა, რაც რეგიონის გეოგრაფიული და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგია. აზერბაიჯანიდან ნავთობის და გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილის გამტარი საქართველოა. ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში უცხოური ინვესტიციების მასპინძელი საქართველოც იყო. აღნიშნული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიღმაა სომხეთი, რომელსაც სამ ათწლეულზე მეტია აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტი აქვს, ხოლო თურქეთთან დაძაბული ურთიერთობა, რომელთა შორის საზღვარი ჩაკეტილია. სომხეთი კი რეგიონში უცხოური კაპიტალისთვის ნაკლებად მიმზიდველია. 2011-20 წლებში სომხეთის მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 2.8%-ია, რაც 2001-10 წლებში 5.8% იყო.

საბოლოოდ, საინვესტიციო გარემოზე მოქმედი ფაქტორების ორ კატეგორიად - ენდოგენურ და ეგზოგენურ კატეგორიებად შეგვიძლია დავყოთ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა იგულისხმება, რაც კავკასიის შემთხვევაში საკმაოდ არასახარბიელოა და მსხვილი უცხოური კაპიტალისთვის რეგიონს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ამ ფონზე, საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად აუარესებს ენდოგენური ფაქტორები, როგორიცაა ინსტიტუციური განვითარება. აღნიშნული კავკასიის სამივე ქვეყანაში კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. განსაკუთრებით, ცუდი მდგომარეობაა სამართლის უზენაესობის კუთხით. სამართლის უზენაესობა კი მნიშვნელოვანია, რადგან დაცულ კერძო საკუთრებას, სტაბილურ სამართლებრივ გარემოს, ხელშეკრულების აღსრულებას და ეფექტიან სასამართლოს გულისხმობს. ამ პირობებში, კი ბოლო ათწლეულის უცხოური ინვესტიციების ნაკადების ფარდობითი დონე შემცირებულია. თუ 2001-10 წლებში კავკასიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8.5% იყო, ეს მაჩვენებელი 2011-20 წლებში საშუალოდ 5.3%-მდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები