მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია M4-ით აღჭურვილი უახლესი MacBook Air-ი?

MacBook Air M4

ამერიკულმა Apple-მა ლეპტოპების ჩამონათვალი განაახლა და ამ დრომდე ყველაზე მძლავრი მსუბუქი ლეპტოპი, MacBook Air-ი წარმოადგინა. ახალი MacBook Air-ი ორი ზომით გამოდის, ესენია მომცრო ზომის 13-დუიმიანი ლეპტოპი, რომლის საწყისი ფასი $999-ია და შედარებით დიდი 15-დუიმიანი მოდელი, რომლის ფასი $1,199-დან იწყება.

დიზაინის კუთხით ერთადერთი ცვლილება ახალი მეტალისებრი ცისფერი ფერია, რომლითაც MacBook-ების ჩამონათვალი ისტორიაში ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი გახდა. ამასთან, ლეპტოპის ეკრანზე 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა გამოჩნდა, რომელიც, ამ დრომდე, მხოლოდ MacBook Pro-ში იყო ხელმისაწვდომი.

ახალ მსუბუქ ლეპტოპებში Apple-ის მიერ წარმოებულ ყველაზე მძლავრ პროცესორს ვხვდებით. 10-ბირთვიანი CPU-თი და 10-ბირთვიანი GPU-თი აღჭურვილი M4 ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე M1 და ოცდასამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ყველაზე მძლავრი პროცესორი, რომელიც Apple-ისთვის Intel-მა შექმნა. პროცესორი აღჭურვილია ნეირონული ძრავით, ანუ ახალ MacBook Air-ში სრულად ვიხილავთ Apple Intelligence-ის ფუნქციონალს. ასევე განახლდა ლეპტოპის ელემენტი, რომელიც თვრამეტი საათის განმავლობაში ძლებს.

უახლესი ლეპტოპის და მისი პროცესორის აღსაწერად, Apple-მა საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა. M1-ით აღჭურვილ MacBook Air-ებთან შედარებით, ახალ ლეპტოპს Microsoft Excel-ში მონაცემების დამუშავება 1.6-ჯერ, iMovie-ში ვიდეოების დამუშავება 2-ჯერ და Adobe Photoshop-ში სურათების დამუშავება 2-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია. თუკი ახალ ლეპტოპს Intel-ის ჩიპით აღჭურვილ MacBook-ებს შევადარებთ, განსხვავება კიდევ უფრო დიდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები