Mercedes-AMG-ის იერარქიულ სისტემაში ახალი ჩემპიონი გამოჩნდა, ეს არის GT63 S E Performance, რომელსაც 8-ცილინდრიანი ტურბირებული ძრავა, Formula 1-ის სტილის ჰიბრიდული სისტემა, 805 ცხენის ძალა, 1,420 ნიუტონ-მეტრის გაწევა და ელექტრონული მოტორი აქვს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ GT63 S E-ის ინჟინრებმა აფალტერბახში არაფერი დაიშურეს და ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენეს ავტომობილის დასაჩქარებლად. შედეგიც სახეზეა, სპორტული კუპე 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ელექტრონულადაა შეზღუდული, 320 კმ/სთ-ს შეადგენს.
ავტომობილს საკმაოდ უცნაური ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელიც არა გამონაბოლქვის შემცირებას ან საწვავის ეკონომიკას, არამედ 8-ცილინდრიანი ძრავის გაძლიერებას ისახავს მიზნად. GT63 S E-ს სწორედ ამ დანიშნულებით დაუმონტაჟეს ელექტრონული მოტორი, რომელიც დამოუკიდებლად 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საოჯახო ავტომობილისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა, თუმცა AMG-ის შემთხვევაში ის V8-ის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს.
ავტომობილის ვიზუალზე გერმანელებს ზედმეტი არ უფიქრიათ, C192-ის სერიის ძარა ისედაც იდეალური პროპორციებით და დიზაინით გამოირჩეოდა, შესაბამისად, კარგი რეცეპტის შეცვლის საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა.
GT63 S E-ის საწყისი ფასი 200,000 დოლარია და ამჟამად ის ყველაზე მძლავრ სერიულ Mercedes-AMG-ის წარმოადგენს, თუკი, რა თქმა უნდა, AMG One-ს არ ჩავთვლით, რომელიც F1-ის სისტემით აღჭურვილი ბოლიდია და ამჟამად დაახლოებით $6 მილიონი ღირს.