მიკროსაფინანო სექტორის მოგება გაიზარდა. ბაზარზე მოქმედმა 34-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის სამ კვარტალში 99,6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც გასული წლის სამი კვარტალის შედეგებს 10%-ით აღემატება.
სექტორის მოგებიანობას ძირითადად სალომბარდე სესხების ზრდა განაპირობებს. მისოების სასესხო პორტფელში ნახევარი სწორედ სალომბარდე სესხებს უჭირავს. სულ ლომბადიდან 947.5 მლნ ლარია გაცემული, 137 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
სექტორის შეფასებით, ოქროს ლომბარდი ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის დომინანტი პროდუქტი გახდა. მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდა კი შესაძლოა ბაზარზე არსებულ გარიგებებს უკავშირდებოდეს, როცა ორგანიზაციებმა სალომბარდე სესხებით ფორმირებული პორტფელი შეიძინეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ 2 მილიარდამდეა მთლიანი პორტფელი და აქედან თითქმის ნახევარი მოდის ოქროს ლომბარდის ტიპის სესხებზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის დომინანტი პროდუქტი გახდა ოქროს ლომბარდი, რაც თავისთავად მიკროსაფინანსო დაფინანსების იდეასთან მთლად ბოლომდე თავსებადი არ არის, რადგან მიკროსაფინანსოები მთელს მსოფლიოში აღიქმებიან როგორც სიღარიბესთან ბრძოლის, ბიზნეს აქტივობაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშემწყობი მექანიზმი და ა.შ რა თქმა უნდა ოქროს ლომბარდი არ არის ის პროდუქტი, რომელიც რაიმე ბიზნეს აქტივობასთან შეიძლება გავაიგივოთ“,-აცხადებს BM.GE-სთან MBC-ის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი.
„მესამე კვარტალში სალომბარდე სესხების ზრდის ამხსნელი შეიძლება ისიც იყოს, რომ სექტორში საკმაოდ მსხვილი პორტფელის შესყიდვა მოხდა. ერთ-ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ სესხის გამცემი სუბიექტის პორტფელი შეიძინა, რომელიც ძირითადად სალომბარდე სესხებით იყო ფორმირებული. ამანაც მოახდინა გავლენა, რომ სალომბარდე სესხების წილი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია“,-აცხადებს bm.ge-სთან გიორგი კერესელიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალის" დირექტორი.
2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათი ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.9 მლრდ ლარია.