ჰონგ-კონგში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე მსოფლიოს წამყვანი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და პროგნოზები გააჟღერეს.
ბანკირების საერთო დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს Morgan Stanley-ის დირექტორის, ჯეიმს გორმანის განცხადება. მისი შეფასებით, ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგიით ინფლაციის დამარცხებას შეძლებენ, თუმცა სანამ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწევთ, გლობალურ ბაზარსა და ბირჟებზე უაღრესად მაღალი ვოლატილობა და მერყეობა შენარჩუნდება.
კომპლექსური ეკონომიკური ვითარების გარდა, ბირჟებზე არასტაბილურობის ზრდას ხელს უწყობს გეოპოლიტიკური რისკების მატება, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვა.
Bank of China-ის პრეზიდენტის, ლიუ ჯინის განცხადებით, მსოფლიოს წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავრცელებაა, აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს BlackRock-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მაიკლ ჩეიც.
Goldman Sachs-ის დირექტორის, დევიდ სოლომონის განცხადებით, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დასახული მიზნის მიღწევა შეძლონ და ე.წ."რბილი დაშვების" სტრატეგია წარმატებით შეასრულონ, რაც იმას გულისხმობს, რომ ინფლაცია ეკონომიკის რეცესიამდე მიყვანის გარეშე დაიძლიოს.
მსოფლიოს წამყვანი ბანკირების შეფასებით, კრიზისამდელ მდგომარეობას კიდევ დიდხანს ვერ დავუბრუნდებით და ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ, რომელშიც ინფლაცია უმეტესწილად 4%-იან ნიშნულზე მაღალი იქნება.