გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Commerzbank-ის 5%-იანი წილის გაყიდვას გეგმავს. კომერციული ბანკის წილიდან გასვლა ის სტრატეგიაა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაშინ დაისახა, როცა ათწლეულის წინ ბანკის აქციები მისი გადარჩენის მიზნით შეიძინა. ამ დროისთვის, გერმანიის ხელისუფლება Commerzbank-ის 16.5%-იან წილს ფლობს, რომელიც დაახლოებით €2.5 მილიარდად არის შეფასებული.
Commerzbank-ი ჯანსაღი, გამართული და მოგებიანი ბანკია, რომელიც გერმანიის ეკონომიკისთვის ფინანსური რესურსის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. ამჟამად, გერმანიის ხელისუფლება ბანკის ყველაზე დიდი აქციონერია, რომელსაც აქტივების მმართველი მსოფლიოს უდიდესი კომპანია, BlackRock-ი იკავებს, რომელიც 7%-იან წილს ფლობს.
კომერციული ბანკის წილის გასხვისების სიახლის მედიაში გავრცელების შემდეგ, ფრანკფურტში ბაზირებული ბანკის აქციები 2.3%-ით გაუფასურდა. მოკლევადიანი კლების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე Commerzbank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 25%-ით არის მომატებული და ამჟამინდელი მონაცემებით €15 მილიარდს აღემატება. ბოლო ხუთ წელიწადში, კომპანიის შეფასებამ 130%-ზე მეტით იმატა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ბევრი ბანკი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს გადავიდა, როცა ბანკების საბალანსო უწყისში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების დისბალანსმა ისინი გადახდისუუნაროდ აქცია. ბოლო პერიოდში კი, სახელმწიფოებმა ბანკებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს - გერმანიასთან ერთად, ამაზე იტალიის, ნიდერლანდების და საბერძნეთის ხელისუფლება ფიქრობს.